LIVE

TBC Capital: 2023 წელს ₾ დოლართან 2.90-ის, ხოლო ევროსთან 3.07-ის ფარგლებში იქნება

07 ოქტ 202216:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 1976
TBC Capital: 2023 წელს ₾ დოლართან 2.90-ის, ხოლო ევროსთან 3.07-ის ფარგლებში იქნება

„თიბისი კაპიტალი“ ელის, რომ 2023 წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.90-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.07-ის ნიშნულზე.

როგორც ანალიტიკური ორგანიზაციის ახალ მიმოხილვაში წერია, წელს მოსალოდნელია, რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი 2.80-ის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.77-ის ნიშნულზე.

როგორც „თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ამ ეტაპზე ლარის სტაბილურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა.

„რა თქმა უნდა, ლარზე დადებითად მოქმედებს ბოლო პერიოდში გაზრდილი სავალუტო შემოდინებები, ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. მეორე მხრივ კი ინფლაციის ზრდის გამო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც განაპირობებს ლარის სტაბილურობას. არსებობს ლარის შემდგომი გამყარების და გაუფასურების არგუმენტებიც. თუმცა ჩვენ ველით, რომ წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მეტნაკლებად სტაბილური იქნება, მომდევნო პერიოდში კი მისი მცირედით გაუფასურებაა მოსალოდნელი. 2023 წელს ლარი ევროსთანაც გაუფასურდება, რადგან გლობალურად ევროს გაძლიერებაა მოსალოდნელი“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ამ დროისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8 ლარია, ხოლო 1 ევრო 2.77 ლარი ღირს.