LIVE

თურქეთს რუსული ბუნებრივი აირის საფასურის 2024 წლამდე გადავადება სურს

04 ოქტ 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
თურქეთს რუსული ბუნებრივი აირის საფასურის 2024 წლამდე გადავადება სურს

თურქეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთს ბუნებრივი აირის გადასახადის ნაწილის 2024 წლამდე გადავადება სთხოვა. ამ გზით თურქეთს ენერგიის გაზრდილი ფასებით დასუსტებული ეკონომიკისთვის ზიანის შემცირება სურს. 

Bloomberg საკითხში გარკვეულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის სახელმწიფო ენერგეტიკული იმპორტიორი კომპანია Boru Hatlari ile Petrol Tasima (Botas) რუსულ Gazprom-თან ორმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

უცნობია, ექნება თუ არა შედეგი მოლაპარაკებებს. ორივე კომპანიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამავე დროს, Gazprom-ის პოზიციის მცოდნე პირის თქმით, თურქეთს კომპანიისთვის გადასახადის გადავადების ოფიციალური თხოვნით არ მიუმართავს, რის გარეშეც, ის საკითხს არ განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ თურქეთი დიდწილად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგო რესურსებზე, რაც გავლენას ახდენს მის ვალუტაზე. 2022 წელს თურქული ლირა, დოლართან მიმართებით, 28%-ით გაუფასურდა. გარდა ამისა, აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი გაორმაგდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და $11.2 მილიარდს მიაღწია.

ქვეყანაში ინფლაციის დონემ 24-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი და შედეგად, თურქული ეკონომიკა ბუნებრივი აირის მზარდი ფასის მიმართ მოუმზადებელი აღმოჩნდა.

თურქეთი კვლავ ინარჩუნებს რუსეთთან ტაქტიკურ თანამშრომლობას და ცდილობს ბალანსის დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამარაგებს უკრაინას სამხედრო დრონებით, ანკარა რუსეთისთვის კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. მეტიც, გასულ თვეში ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან ბუნებრივი აირის ფასებზე ფასდაკლებას მოელის.

თურქეთის მსგავსად, გადასახადის გადავადებას მოითხოვს უნგრეთიც. ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მეტად არის ენერგოდამოკიდებული რუსეთზე. გუშინ ქვეყანამ განაცხადა, რომ Gazprom ნებას რთავს, ბუნებრივი აირის საფასური მომდევნო 6 თვის განმავლობაში გადაიხადოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფირატ კოზოკი, კერიმ კარაკაია და კაგან კოჩი