LIVE

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდები იზრდება

04 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 633
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდები იზრდება

2022 წლის ივლისის მონაცემებით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში Visa-ს ბარათებით უკონტაქტო გადახდების რაოდენობა გახუთმაგდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით. საქართველოში Visa ბარათით განხორციელებული ჯამური ტრანზაქციების 95%-ზე მეტი კი უკონტაქტო გადახდებზე მოდის.

საქართველოში უკონტაქტო გადახდების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილია პრეს-რელიზში, რომლითაც Visa-მ საზოგადოებას უახლესი გლობალური კვლევის შედეგები გაუზიარა და განაცხადა, რომ სატრანსპორტო სისტემებში მილიარდი უკონტაქტო ტრანზაქცია დაამუშავა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 

კვლევა სახელად "ურბანული მობილობის მომავალი” ადასტურებს, რომ მგზავრების 91% საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდით სარგებლობს. გამოკითხულთა თითქმის მესამედმა დაასახელა უკონტაქტო გადახდები, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მთავარი მოტივატორი. რესპონდენტების 45% ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდას ამჯობინებს.

კვლევაში მონაწილე დასაქმებული მგზავრების უმეტესობა (62%) საზოგადოებრივი ტრანსპორტით კვირაში მინიმუმ სამჯერ სარგებლობს, თითქმის მესამედი (28%) კი - კვირაში ხუთჯერ ან მეტჯერ. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა (42%) განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო ხშირად გეგმავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკონტაქტო გადახდების რაოდენობა ზრდას გააგრძელებს. 

"ციფრული გადახდების სწრაფი ზრდა დასტურია იმისა, თუ როგორი მიმზიდველია ის მომხმარებლებისთვის. Visa-მ, ერთი წლის განმავლობაში, პირველად დაამუშავა მილიარდზე მეტი tap-to-ride ტრანზაქცია გლობალურ სატრანსპორტო სისტემებში, სადაც ყველაზე დიდი წილი ევროპას უკავია. მათ შორის, ლონდონის ტრანსპორტში დღეში 4 მილიონზე მეტი გადახდა ფიქსირდება, თუმცა სხვა რეგიონებშიც ზრდა შეინიშნება. ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით, ყოველი მეხუთე უკონტაქტო გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის," ნათქვამია Visa-ს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

Visa-ს Tap-to-ride ტექნოლოგია მგზავრებს  ბარათით ან მობილური საფულის გამოყენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. Tap-to-pay ტექნოლოგია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ციფრული გადახდების გლობალურმა კომპანიამ 2011 წელს დანერგა.