LIVE

5 ღია ვაკანსია გვაქვს, მაგრამ კადრებს ვერ ვპოულობთ - BEKO

02 ოქტ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1192
5 ღია ვაკანსია გვაქვს, მაგრამ კადრებს ვერ ვპოულობთ - BEKO

საქართველოში ბიზნესის ნაწილი კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშეა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია BEKO-ში აცხადებენ, რომ ვერ პოულობენ ისეთი პროფილის თანამშრომელს, როგორიცაა კონსულტანტი ან ტექნიკოსი.

კომპანიაში იმასაც განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში დასაქმების მსურველები რეზიუმეებს აგზავნიან, თუმცა გასაუბრებაზე აღარ მიდიან.

როგორც BEKO-ში "ბიზნეს ფორმულას" განუცხადეს, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, ანაზღაურება გაზარდეს, თუმცა კვალიფიციური კადრების მოზიდვას მაინც ვერ ახერხებენ. 

"თანამშრომლები გამოსაცდელი ვადით აგვყავს, თუმცა ბევრს ეს არ მოსწონს და ხშირად გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე მიდიან. ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან კადრები რეგიონების ფილიალებშიც გვჭირდება, თუმცა ვერსად ვპოულობთ," - აცხადებს ხატია ტყებუჩავა, BEKO-ს პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, კომპანიას თბილისისა და რეგიონების მასშტაბით 5 ვაკანსია აქვს, თუმცა შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლის აყვანა ვერ შეძლო. 

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, წლიურ ჭრილში 6.8%-ითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანას 102 500 შრომისუნარიანი მოქალაქე გამოაკლდა, კლების ტენდენცია შეინიშნება წინა კვარტალთან შედარებითაც, სამუშაო ძალა 45 400 ადამიანით შემცირდა და ჯამურად მილიონ ნახევარი ადამიანი შეადგინა.