LIVE

PAZZA-ს დამფუძნებელი: რუსი მიგრანტების დასაქმებას არ ვაპირებთ

01 ოქტ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 836
PAZZA-ს დამფუძნებელი: რუსი მიგრანტების დასაქმებას არ ვაპირებთ

რესტორან PAZZA-ს დამფუძნებლის არჩილ ზამბახიძის თქმით, კადრების დეფიციტის ფონზე, კომპანიების დიდი ნაწილი სავარაუდოდ რუსი მიგრანტების დასაქმებას დაიწყებს. 

როგორც არჩილ ზამბახიძე "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, ჯერ პანდემიის, შემდეგ კი ომის გამო, სარესტორნო ბიზნესში კადრების პრობლემა გამწვავდა. მათმა დიდმა ნაწილმა ან სხვა სფეროში გადაინაცვლა, ან ქვეყანა დატოვა. 

"მიგრანტებიდან შესაძლოა ბევრს გარკვეული დანაზოგი ჰქონდეს, მაგრამ უმეტესობა, ვინც ახლა ქვეყანაში შემოდის, რუსეთიდან გამოქცეულია. ყველა ვერ შეძლებს საკუთარი ბიზნესის დაწყებას, ამიტომ უმეტესობას მალე მოუწევს სამსახურის ძებნა. საქართველოში კი გვაქვს ის სიტუაცია, რომ კადრები ჭირს, მით უმეტეს, სარესტორნო და ზოგადად მომსახურების სფეროში. ამიტომ, ეჭვიც არ მეპარება, რომ კადრების დეფიციტის პრობლემას გარკვეულწილად სწორედ რუსი მიგრანტები მოაგვარებენ. თუმცა, პირადი პრინციპების გამო პირადად ჩვენს კომპანიაში მათ დასაქმებას არ ვაპირებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საშუალო და მსხვილი ბიზნესების დიდი ნაწილისთვის ეს პრობლემა არ იქნება", - განმარტავს არჩილ ზამბახიძე. 

მიღმა კადრების დეფიციტისა, PAZZA-ს დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს იაფი მუშახელის ზრდაზეც. მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსი მიგრანტების დიდ ნაწილი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების მიზნით შედარებით დაბალ ანაზღაურებასაც დათანხმდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ კადრების მოთხოვნები მათ შორის შრომითი ანაზღაურების მიმართულებით გაიზარდა და მათი შენარჩუნების მიზნით ბიზნესის დიდ ნაწილს ხელფასის ზრდაც მოგვიწია, შესაძლოა ახლა ეს ტენდენცია შეიცვალოს. რუსი მიგრანტების დიდი ნაწილისთვის მთავარი იქნება დასაქმება და არსებობისთვის გარკვეული შემოსავლის წყაროს გაჩენა, ამიტომ დიდი ალბათობით შედარებით დაბალ ანაზღაურებასაც დათანხმდებიან. პირობითად თუ მზარეულის პოზიციაზე დამსაქმებელს 800-1000 ლარიანი ანაზღაურება აქვს დაწესებული და ნახავს, რომ მარტივად შოულობს კადრს, რომელიც მზადაა ამ საქმეში 600-700 ლარიც აიღოს, ბიზნესის დიდი ნაწილი ცხადია მას აიყვანს", - აღნიშნავს არჩილ ზამბახიძე. 

აღსანიშნავია, რომ კადრების დეფიციტზე ბიზნესი აქტიურად საუბრობს. კადრების დეფიციტის ფონზე, კერძო სექტორის დიდ ნაწილს ხელფასების ზრდაც მოუწიათ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ბიზნესის 72%-ს სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს.

მეორე მხრივ, ქვეყანაში კვლავ დაბალია შრომის ანაზღაურება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებულებიდან, 34 033 პირის ანაზღაურება 501-დან 600 ლარამდეა. 19 257 დასაქმებულს კი აგვისტოში 100 ლარზე ნაკლები ჩაერიცხა.​