LIVE

საქართველო ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარს შეუერთდება

27 სექ 202216:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 615
საქართველო ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარს შეუერთდება
UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე წვდომისთვის - ამ საკითხზე თბილისში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს. სახელმწიფო უწყებების, სამრეწველო ასოციაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს ისიც, თუ რა როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა. 

ნახშირბადის ბაზარი საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმია, რომლის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ემისიების ტრანსფერი, გაყიდვა ან ყიდვა ქვეყნებსა თუ კომერციულ კომპანიებს შორის. მსგავსი საბაზრო მექანიზმების გამოყენება ასევე დაშვებულია პარიზის შეთანხმებით, მე-6 მუხლის ფარგლებში.

იმისთვის, რომ ქვეყანა ან კომპანია ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარს შეუერთდეს, მან უნდა დაადასტუროს ემისიების შემცირება ან ემისიების სრული ამოღება სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით, გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით. გარდა ამისა, ნახშირბადის ტრანზაქციების განხორციელება მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუციური და ფინანსური მექანიზმების, ისევე როგორც სოციალური და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის არსებობას.

"ნახშირბადით ვაჭრობა ყველასთვის მომგებიანია, რადგან ერთის მხრივ, ემისიებს ამცირებს, ხოლო მეორეს მხრივ, მწვანე გარდაქმნისთვის საჭირო დამატებით რესურსებს აძლევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. მივესალმები შვეიცარიისა და იაპონიის მზაობას, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს გზა გაუკვალონ ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ამ შესანიშნავი იდეის პრაქტიკული განხორციელება დავიწყოთ,"- განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა. 

პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ ამბიციური ვალდებულებები აიღო - 2030 წლისთვის 35%-ით შეამციროს ემისიები 1990 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით, რაც საკმაოდ კარგ პერსპექტივას აძლევს ქვეყანას ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე შესასვლელად.

ამ მხრივ, შვეიცარია და იაპონია საქართველოს მხარდამჭერები და სავარაუდოდ, პირველი სავაჭრო პარტნიორებიც არიან. გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნომ ნახშირბადით ვაჭრობისთვის საქართველოს მზაობა შეაფასა, არსებული საკანონმდებლო თუ სხვა სახის ხარვეზები გამოავლინა და ტექნიკური დახმარების პაკეტი შეიმუშავა.

შარშან და წელს საქართველომ ხელი მოაწერა ნახშირბადით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს შვეიცარიასა და იაპონიასთან, რომლებიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც საქართველო მოსამზადებელ სამუშაოებს დაასრულებს და სრულად მზად იქნება შესაბამისი ტრანზაქციების შესასრულებლად. ნახშირბადით ვაჭრობის შედეგად მიღებული დაფინანსებით კი, ქვეყანა შეძლებს შეასრულოს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან და ადაპტაციასთან დაკავშირებული მიზნები.