LIVE

მოსახლეობის 57% დანაზოგს სახლში, 11% კი ბანკში ინახავს - სებ

22 სექ 202217:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
მოსახლეობის 57% დანაზოგს სახლში, 11% კი ბანკში ინახავს - სებ

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო დეპოზიტზე დანაზოგი საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობას (11%) აქვს განთავსებული. დიდი ნაწილი (57%), დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს, 25% კი თანხას შესანახად ოჯახის წევრებს ანდობს.

საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები შემოსავალს აჭარბებდა.

„აღნიშნულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ისინი მიმართავდნენ სესხებას, თუმცა, უმეტესობა არაფორმალურ წყაროს, მაგალითად, თანხას სესხულობდნენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან ახლობლებისგან (30.4%) ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%), მცირე ნაწილმა კი თანხა ისესხა ფორმალური წყაროებიდან, მაგალითად აიღო სამომხმარებლო სესხი ფინანსური მომსახურების მომწოდებლისგან (7.7%)“, - აღნიშნულია კვლევაში.

სებ-ის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა თავისი ფინანსური მდგომარეობით (58%) და ფიქრობს, რომ ფინანსური სიტუაცია უზღუდავს შესაძლებლობას, აკეთოს მისთვის მნიშვნელოვანი საქმეები (67%), 59% ნერვიულობს ყოველდღიური ფინანსური ხარჯების გასტუმრებაზე, 67% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფინანსები აკონტროლებს მათ ცხოვრებას, 65% კი დარდობს იმაზე, რომ შესაძლოა ფული არ ეყოს. მეორე მხრივ, უმრავლესობა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბევრი ფინანსური ვალდებულება აქვს (62%).

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%) და პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო, ორივე ტიპის პროცენტი სწორად მოსახლეობის მხოლოდ 24%-მა იცოდა. 

ეროვნული ბანკის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში, ინფლაცია და სხვა.

„ცოდნის მხრივ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი პროცენტი (89%), რისკი და უკუგება (79%), ინფლაცია (87%). საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს გააზრებული აქვს რისკის დივერსიფიცირება (54%)“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საკუთარი ფინანსების კონტროლის თვალსაზრისით, მოსახლეობის 57%-ს აქვს გეგმა, როგორ გააკონტროლოს ოჯახის შემოსავლები და ხარჯები (აქვს ოჯახის ბიუჯეტი), 88% დროულად იხდის გადასახადებს, 71% აკონტროლებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, 70% გააზრებულად ეკიდება შესყიდვებს და შესყიდვისას განიხილავს ალტერნატივებს.