LIVE

2026 წლისთვის მსოფლიოში 40%-ით მეტი მილიონერი იქნება

25 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
2026 წლისთვის მსოფლიოში 40%-ით მეტი მილიონერი იქნება
MICHAEL PRINCE FOR FORBES
მილიონერების რაოდენობა მომდევნო ხუთ წელიწადში გაიზრდება, ჩინეთში კი გაორგმაგდება

მომდევნო ხუთ წელში მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 40%-ით გაიზრდება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც მზარდ ინფლაციას თუ რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

Credit Suisse Group AG-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის თანახმად, 2026 წლისთვის მსოფლიოში 87.5 მილიონ ადამიანზე მეტს ექნება სულ მცირე $1 მილიონიანი ქონება. 2021 წელს ასეთ ადამიანთა რიცხვი 62.5 მილიონს შეადგენდა. პროგნოზის თანახმად, მილიონერების რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზრდება განვითარებად ეკონომიკებში, ჩინეთში კი თითქმის გაორმაგდება.

მაშინ როცა მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა წლის პირველ ნახევარში $1,4 ტრილიონი დაკარგა, სწრაფი აღდგენა, განსაკუთრებით განვითარებადი ბაზრებისთვის, გარდაუვალია. შვეიცარიული ბანკი ელის, რომ ჩინეთი გააგრძელებს მასიური სიმდიდრის შექმნას, მაშინაც კი, როდესაც მისი ეკონომიკა Covid-19-ის ლოქდაუნების გამო დიდ წნეხს განიცდის.

„ინფლაციისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, გვჯერა, რომ მთლიანი გლობალური სიმდიდრე გაიზრდება. ველით, რომ ჩინეთში შინამეურნეობების სიმდიდრე გააგრძელებს შეერთებულ შტატებისთვის კონკურენციის გაწევას და 2021-დან 2026 წლამდე აშშ-ის 14-წლიანი ზრდის ეკვივალენტით გაიზრდება“,- ნათქვამია მოხსენებაში.

Credit Suisse-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის კერძო ქონება 36%-ით გაიზრდება $169 ტრილიონამდე, ხოლო სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე გლობალურად 28%-ით გაიზრდება და 2024 წელს $100 000−ს გადააჭარბებს. უმდიდრეს ადამიანთა რიცხვი კი, რომელთა ქონებაც $50 მილიონს აღემატება, 385 000−ს მიაღწევს.

განვითარებადი ბაზრები მნიშვნელოვნად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიის დროს, სიმდიდრის ზრდა კი შენელდა. ამის მიუხედავად მათ აღიდგინეს იმპულსი გასულ წელს. ამაზე დაყრდნობით, Credit Suisse მოელის, რომ განვითარებულ სამყაროსთან განსხვავება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შემცირდება. კერძოდ, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ქონების 4.2%-იანი მატების ფონზე, განვითარებად ეკონომიკებში ქონება ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება.

2020 წელთან შედარებით, 2021 წელს გლობალური ქონება 9,8%-ით გაიზარდა და 463,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ეს რიცხვი საუკუნის დასაწყისში დაფიქსირებულ ზრდას ბევრად აღემატება. 2021 წლის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა ტოპ 1% ფლობდა შინამეურნეობის აქტივების 46%-ს, ხოლო ყველაზე მდიდარი 10% კი გლობალური სიმდიდრის 82%-ს. იმავე წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებს ჰყავდა უმდიდრესი ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა - 140,000-ზე მეტი - სიაში მას მოჰყვება ჩინეთი, 32,710 უმდიდრესი ადამიანით.

„შემცირდა განსხვავება მდიდარ ქვეყნებსა და ნაკლებად მდიდარ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები უფრო სწრაფი ტემპით იზრდებიან“, - თქვა ენტონი შოროქსმა, Credit Suisse-ის ეკონომისტმა და მოხსენების ავტორმა პრესკონფერენციაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუჯუნგ ლი