LIVE

რუსული ალუმინის იმპორტი აშშ-ს ბაზარს აზიანებს - Rio Tinto

25 სექ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 486
რუსული ალუმინის იმპორტი აშშ-ს ბაზარს აზიანებს - Rio Tinto
Victor J. Blue/Bloomberg
Jakob Stausholm

მსოფლიოში მეტალის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, Rio Tinto Plc-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ აშშ-ში რუსული ალუმინის შეუზღუდავი იმპორტი ჩრდილოეთ ამერიკის მწარმოებლებს ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის.

იაკობ შტაუსჰოლმმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსული ალუმინის იმპორტს აშშ-ს სანქციები არ შეხებია და ქვეყანაში შეუზღუდავად შედის. ამავდროულად, აშშ-ის მოკავშირეები, მაგალითად ავსტრალია, კვლავ უპირისპირდებიან ტრამპის ადმინისტრაციისგან შემორჩენილ შეზღუდვებს.

მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ხელმძღვანელის გაფრთხილება ეფუძნება აშშ-ს სავაჭრო მონაცემებს, რომლის თანახმად, აგვისტოში რუსეთი იყო ალუმინის მესამე უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ-ში. აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, გასულ თვეში რუსეთიდან ყოველთვიური იმპორტი თითქმის 60%-ით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით მყიდველებმა უარი თქვეს რუსული ლითონის შეძენაზე უკრაინაში შეჭრის გამო.

ალუმინის ფასები წელს 20%-ზე მეტად შემცირდა იმ ფონზე, რომ მოთხოვნა მთელს მსოფლიოში დაზარალდა ინფლაციის, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და ევროპაში ენერგიის გაძვირების გამო. აშშ-ში ალუმინის მიწოდების რეგიონალური ფასი თითქმის ყველაზე დაბალია დეკემბრის შემდეგ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში გაურკვეველი ეკონომიკური წინააღმდეგობის ფონზე, მოთხოვნა ტექნიკასა და მანქანებზე, ისევე როგორც სხვა ალუმინის ნაწარმზე, იკლებს.

„ამჟამად ძალიან რთულია ჩრდილოეთ ამერიკაში მომგებიანი ალუმინის ინდუსტრიის ქონა, რადგან რუსული ალუმინი შემოდის, ამჟამად ჩვენ გვაქვს ალუმინის ყველაზე დაბალი ფასი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისს ალუმინის ფასების ზრდა უნდა გამოეწვია“, - განაცხადა შტაუსჰოლმმა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსული ალუმინის იმპორტზე სანქციების დაწესებისაგან თავი შეიკავა. ასეთი ნაბიჯი ამერიკელ მომხმარებლებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებლის გარეშე დატოვებდა. რუსეთი ლითონის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ხოლო რუსეთის მიერ მიწოდებულ ალუმინზე ტრადიციულად აშშ-ში ლითონის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 10% მოდის.

კითხვაზე, თუ რა დისკუსიები ჰქონდა კომპანიას აშშ-ს მთავრობასთან, შტაუსჰოლმმა თქვა, რომ ცდილობს დარწმუნდეს, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკა კანონმდებლებისთვის გამჭვირვალე იქნება. მწარმოებლები აშშ-სა და ევროპის მასშტაბით გადამამუშავებელი ქარხნების დახურვას აგრძელებენ. მათი მუშაობა ენერგეტიკული კრიზისისა და გლობალური ზრდის შენელების ფონზე წამგებიანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული ალუმინის მწარმოებელი Rusal International PJSC დაზარალდა სანქციების გამო, რადგან მსხვილი მომხმარებლები უარს ამბობენ მისი ლითონის შესყიდვაზე, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ზოგიერთ ჩრდილოეთ ამერიკელ მყიდველს გააგრძელონ შესყიდვები. შტაუსჰოლმის განცხადებით „ეს უბრალოდ უცნაურად გამოიყურება“.

ცნობისთვის, Rio Tinto Plc არის ალუმინის უდიდესი მწარმოებელი ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი ძირითადი აქტივები მდებარეობს კანადაში. აშშ-ში მოხმარებული ალუმინის ნახევარი კი სწორედ კანადაზე მოდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო დო