LIVE

მელომე - გაცოცხლებული ზღაპრების ბიზნესი

15 სექ 202215:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 637
მელომე - გაცოცხლებული ზღაპრების ბიზნესი

მელომე სვანური სიტყვაა და ხევის უფროსს, მედროშეს ნიშნავს. ეკომეგობრული ხის ისათამაშოების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ზღაპრის გმირებს აცოცხლებს, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, მედროშეა ქართულ ბაზარზე. ამ სათამაშოების შექმნის იდეა ნინო ხარგელიას პანდემიის დროს გაუჩნდა, ხოლო ინსპირაცია მისი შვილები იყვნენ. სამი შვილის დედა ბიზნესს დღეს მეგობართან ერთად მართავს და სამომავლოდაც არაერთი იდეა აქვს, რომელთა განხორციელებაში UNDP-ის და "საქართველოს ბანკის" ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარება.

რა იყო „მელომეს“ შექმნის ინსპირაცია?

ქართული და განსხვავებული სათამაშოების შექმნის იდეა ზოგადად ბავშვებისადმი და ჩემი შვილებისადმი სიყვარულის გამო გაჩნდა. სამი შვილი მყავს - 15 წლის, 14 წლის და 3 წლის. ყოველთვის, წინ ვიყურები, თუ უკან, მათ ვხედავ და ვცდილობ, მათზე მორგებული აქტივობები მოვძებნო. მუდმივ ძიებაში ვარ. კოვიდ პანდემიის პერიოდში, როცა გარე სამყაროსთან იზოლაცია ყველას შეეხო, მომეცა შესაძლებლობა მეფიქრა ბევრი და სიყვარულით შექმნილიყო ყველასათვის საყვარელი ზღაპრის გმირები.

ჩემი იდეა გავაცანი მეგობარს, თეონა თხელიძეს, რომელიც ამავდროულად არის ჩემი თანამშრომელი. ვმუშაობთ ორგანიზაციაში, რომელიც ქალების კეთილდღეობაზე და მათ ეკონომიკურ გაზლიერებაზე ზრუნავს, შესაბამიასდ, ეს სფერო ჩვენთვის ძალიან ახლო, ნაცნობი და აქტუალურია. მასაც ჰქონდა მსგავსი იდეა და უნდოდა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ბავშვს და დედას ერთნაირად გაახარებდა - შევაჯამეთ ჩვენი იდეები და გამოგვივიდა კიდეც.

როგორ არჩევთ ზღაპრებს, რას ითვალისწინებთ პროდუქტის შექმნისას?

ისეთი ზღაპრებს ვარჩევთ, რომლებიც ყველა დროში აქტუალური, საყვარელი და საინტერესოა. ამჟამად გვაქვს ორი ზღაპარი - სამი გოჭი და კომბლე. ეს პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ პერსონაჟები გაცოცხლებულები არიან და თავისი თავგადასავლით ქმნიან შემეცნებითი პროცესის ჯადოსნურ სამყაროს. სათამაშოებს თან ერთვის ზღაპარი ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად. „მელომეს“ პროდუქტები არის აბსოლუტურად უსაფრთხო - წარმოებაში ვიყენებთ ნატურალურ ხეს, წიფელს და ეკოლოგიურად სუფთა საღებავს, რომელიც არ შეიცავს მეტალს და შეესაბამება საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებს. თითოეული სათამაშო მუშავდება ცვილნარევი ზეთით. გარდა ამისა, ეს სათამაშოები უზრუნველყოფს ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას და ორიენტირებულია მოტორულ უნარებზეც: ბავშვებს შეუძლიათ გამოიგონონ ახალი ისტორიები, პერსონაჟებს დაარქვან ახალი სახელები ან ითამაშონ ტრადიციული ზღაპრის შესაბამისად. ეს ყველაფერი შექმნილია მათი ფანტაზიის გასაღვივებლად.

როგორ დაიმკვიდრეთ თავი ბაზარზე და რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის შექმნის პროცესში?

ძირითადი სირთულე იყო საწარმოს შექმნა, მანქანა დანადგარების და ხელსაწყოების მოძიება, თუმცა მეგობრების, ქალი მეწარმეების დახმარებით, მათი რჩევებით და  რეკომენდაციებით მოვედით დღემდე. ახლა ჩვენს პროდუქტებს ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს, რადგან განსხვავებული პროდუქტია ქართული სათამაშოების ბაზარზე. თავიდან ონლაინ გაყიდვებზე ვიყავით ორიენტირებული სოციალური ქსელების მეშვეობით, თუმცა პირველივე დღიდან ზღაპრებმა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ჩვენი პროდუქტები ახლა უკვე სხვადასხვა ქსელებში და საბავშვო მაღაზიებშიც იყიდება. სირთულეებიც იყო, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ინფორმაციის ნაკლებობა - დავდიოდით ყველა საწარმოში, ვიკვლევდით ბაზარს. იყო ფინანსური რესურსების მოძიების პრობლემაც - საკუთარი ძალებით და რესურსით მოგვიხდა ყველაფრის გაკეთება. ეს პროცესი შრომას და მოთმინებას მოითხოვდა. ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამებში, სადაც გვასწავლიდნენ, როგორ გავმხდარიყავით უკეთესი მეწარმეები. ამან კარგი ცოდნა და გამოცდილება მომცა, რაც დღეს ძალიან მეხმარება ყველა ნაბიჯის გადადგმაში. რეალურად, სწავლა იქიდან დავიწყე, თუ რა მასალა იყო საჭირო პროდუქტის შესაქმნელად და შემდეგ ყველაფერი ვისწავლე მარკეტინგის და გაყიდვების ჩათვლით. ვისწავლე როგორ მივაწოდო პროდუქტი მომხმარებელს. ეს ყველაფერი მომცა საგანმანათლებლო პროექტებმა, მათ შორის საქართველოს ბანკის და UNDP-ის ერთობლივმა პროექტმა.

რამდენად რთულია თან სამი შვილის დედა იყო, თან დასაქმებული და თან საკუთარ ბიზნესსაც მართავდე?

ვარ ძალიან ენერგიული. გარდა იმისა, რომ ვარ მეწარმე - ვმუშაობ კიდეც, ორგანიზაციაში, რომელიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავს და არის „მელომეც“, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს, პრაქტიკულად მეოთხე შვილია. ჩემთვის ეს ყველაფერი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამდენი ფუნქციის შეთავსება ყველა ქალისთვის ადვილია. ზოგადად, ქართულ შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობა ძალიან დაბალია და გენდერული სტანდარტებით საერთაშორისო დონეს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ქალების გაძლიერება სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობების შექმნით. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქალებს საქართველოში არაერთი დაბრკოლება ხვდებათ თავის დამკვიდრების გზაზე, თუმცა აქვთ განვითარების ძალიან დიდი რესურსი და სურვილი, უბრალოდ საჭიროა მათი მხარდაჭერა და წახალისება.

რა არის თქვენი მიზნი - რისკენ მიდიხართ და როგორ წარმოგიდგენიათ განვითარების შემდგომი გზა?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ ზღაპარზე - შემდეგი პროდუქტი წითელქუდა იქნება და ეტაპობრივად ვგეგმავთ სხვა ზღაპრების დამატებასაც. სამომავლოდაც ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო იდეა გვაქვს. გვინდა წარმოების ახალ ეტაპზე გადაყვანა, რაც ითვალისწინებს წარმოების პროფილის გაფართოებას. გვინდა, გარდა ხის სათამაშოებისა, ვაწარმოოთ რბილი სათამაშოები, პლასტელინი და თაბაშირი. ამ ყველაფრისთვის გვჭირდება ჯერ ცოდნა, მერე გამოცდილება და რა თქმა უნდა, გარკვეული რესურსები. გვინდა შევქმნათ საწარმო, რომელიც იქნება მრავალპროფილური და სადაც მხოლოდ ქალები იქნებიან დასაქმებულები. საწარმოში იქნება მუდმივი გადამზადება და ვორქშოფები, როგორც დასაქმებული ქალებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

რატომ მხოლოდ ქალები?

რადგან შრომის ბაზარზე მათი აქტიურობა დაბალია და ვფიქრობ, მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა განვითარებისთვის. მჯერა, რომ სათამაშოების შექმნას და ჩემი იდეის განხორციელებას ყველაზე კარგად სწორედ ქალები შევძლებთ დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, დიდი რესურსი გვაქვს, ბევრი რამის კეთება შეგვიძლია და ყველაფერი კარგად გამოგვდის.

რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს?

ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიონ, არ შეშინდნენ, არ გაჩერდნენ და იშრომონ ძალიან ბევრი. ეს არის წარმატების გარანტია. ეს პროცესი ადვილი არ არის, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი შესაძლებელია. მათვარია არ გაჩერდე. მე არ ვჩერდები.