იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ცდილობს, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამციროს, აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს ზრდის. ამის შესახებ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ფარვიზ შაჰბაზოვი Twitter-ის გვერდზე წერს.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, რვა თვის განმავლობაში, ბაქომ ევროპას 7.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, საქართველოს - 1.7 მილიარდი, თურქეთს კი - 5.4 მილიარდი მიაწოდა. ამ პერიოდში, გაზის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა.
According to operational data, 7.3 bcm of gas was exported to #Europe, 5.4 bcm to #Turkey and 1.7 bcm to #Georgia within the 8 months of this year. During this period, #gasexport grew by 23%. pic.twitter.com/1KUY0EJ7Zu
— Parviz Shahbazov (@ParvizShahbazov) September 12, 2022
მინისტრის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გაზის მოპოვება თითქმის 10%-ით გაიზარდა და 30.6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. აქედან 14.4 მილიარდი კუბური მეტრი ექსპორტზე გავიდა.
ივლისში ევროკავშირმა და ბაქომ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი 2027 წლამდე გაზის იმპორტს სულ მცირე წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოებას, რომელიც გადის აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და საბერძნეთზე.
7 სექტემბერს ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირის წევრმა რუსეთიდან იმპორტირებული გაზისთვის ფასის ზედა ზღვარი დააწესონ. რუსეთის პრეზიდენტი ენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება ყველა ქვეყანას, რომელიც მის ნავთობსა და გაზზე მსგავს შეზღუდვას შემოიღებს.