LIVE

ევროკომისარი: ენერგიასთან დაკავშირებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, რეცესიას ავიცილებთ

09 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 548
ევროკომისარი: ენერგიასთან დაკავშირებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, რეცესიას ავიცილებთ
Valeria Mongelli/Bloomberg

ევროპას შეუძლია თავიდან აიცილოს რეცესია, თუ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები შეთანხმდებიან ეფექტურ ზომებზე ენერგიის მზარდი ხარჯების დასაძლევად, - ამის შესახებ ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

"თუ ახლა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირები ერთად,  ენერგეტიკის სწორი პაკეტით ვიმუშავებთ, გვაქვს შანსი, რომ თავიდან ავიცილოთ რეცესია. ეს არის გამოწვევა, მაგრამ მისი მიღწევა შესაძლებელია", - განუცხადა ჯენტილონმა ჟურნალისტებს პრაღაში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის წინ. 

ევროპა გასული 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისით არის მოცული, რადგან რუსეთი დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, ამცირებს ენერგიის მიწოდებას. ამავე დროს, ინფლაციის ზრდა კიდევ უფრო აღრმავებს საცხოვრებელი ხარჯების ზრდით გამოწვეულ კრიზისს, რამაც ევროპის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზე მიიყვანა.

ბლოკის ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსული გაზის იმპორტზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მას შემდეგაც, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა, რომ მოსკოვი შეაჩერებს მიწოდებას, თუ ასეთი მექანიზმი დაინერგება.

გასულ წელს რუსულმა გაზმა ევროკავშირის მოთხოვნის დაახლოებით 40% დააკმაყოფილა. ქვეყნების უმეტესობა პოულობს მიწოდების ალტერნატიულ ვარიანტებს. მიუხედავად ამისა, შინამეურნეობებს და კომპანიებს, სავარაუდოდ, ზამთრის ცივ თვეებში ენერგორესურსების იძულებითი შეზღუდვა მოუწევთ.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გუშინ მომავალი წლისთვის ევროზონის ზრდის პროგნოზი 2,1%-დან 0,9%-მდე შეამცირა. 

"რეცესიის რისკი არსებობს", - განუცხადა ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრმა იურიკო ბაკესმა პრაღაში ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ოფიციალურ პირებს ეკისრებათ "დიდი პასუხისმგებლობა მიიღონ ზომები და არ დაუშვან ეს მოხდეს".

"გვჭირდება კოორდინირებული ნაბიჯები ევროკავშირის დონეზე, რადგან ერთ ქვეყანაში მიღებული ზომები გავლენას ახდენს მეზობლებზე. ჩვენ ვართ ინფლაციური წნეხის ქვეშ, კომპანიებისა და ოჯახების მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ", - თქვა ბაკესმა.

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეკორდულ ინფლაციასთან ბრძოლას რეფინანსირების განაკვეთის ისტორიული ზრდით ცდილობს. ECB-მა გუშინ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით - 0%-დან 0.75%-მდე გაზარდა და კიდევ რამდენიმე ზრდა დააანონსა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექსანდრ ვებერი, კაროლინ ლუქი და ლენკა პონიკელსკა