LIVE

FTC-ს სურს, ცუკერბერგმა მოითხოვოს თანხმობა კომპანიების ნებისმიერი შერწყმისთვის

03 სექ 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
FTC-ს სურს, ცუკერბერგმა მოითხოვოს თანხმობა კომპანიების ნებისმიერი შერწყმისთვის
George Frey/Bloomberg

შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისია გააგრძელებს საქმეს პირადად Meta Platforms-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ ვირტუალური რეალობის აპლიკაციის შეძენის გამო, განუცხადა სააგენტოს ადვოკატმა FTC-ის შიდა მოსამართლეს.

სააგენტომ სთხოვა თავის შიდა სასამართლოს, აიძულონ როგორც Meta-ს, ასევე ცუკერბერგს, მოითხოვონ თანხმობა FTC-ისგან, სანამ რაიმე გარიგებებში ჩაერთვებიან. სასამართლო პროცესი 19 იანვარს არის ჩანიშნული.

სააგენტომ Meta-სა და ცუკერბერგს ივლისში უჩივლა კომპანიის მიერ შემოთავაზებული Within Unlimited-ის, პოპულარული ვირტუალური რეალობის ფიტნეს აპლიკაციის Supernatural-ის შემქმნელის შესყიდვის გამო.

საქმე ორი პარალელური მიმართულებით მიმდინარეობს: კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ დეკემბერში დანიშნა ექვსდღიანი მოსმენა, რათა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა გარიგება, სანამ FTC განაგრძობს საქმეს სააგენტოს შიდა მოსამართლის წინაშე.

2 სექტემბერს შიდა სასამართლოში გამართულ მოსმენაზე, FTC-ის ადვოკატმა ები დენისმა განაცხადა, რომ სააგენტო დათანხმდა ცუკერბერგის განთავისუფლებას ფედერალური საქმიდან, მაგრამ არა შიდა პროცესიდან, რადგან მას უფრო ფართო სამართლებრივი საშუალება სჭირდება.

შიდა საჩივარი დაბლოკავს Within-ის გარიგებას, ასევე მოითხოვს Meta-სა და ცუკერბერგისგან, წინასწარ მიაწოდონ შეტყობინება და მოითხოვონ დამტკიცება FTC-სგან მომავალი შერწყმისთვის ან შესყიდვისთვის.

შეერთებული შტატების შერწყმის კანონის თანახმად, Meta-მ უნდა აცნობოს FTC-ს და მის დამხმარე სააგენტოს, როდესაც გარიგება $101 მილიონს ან მეტს შეადგენს.

“FTC უსაფუძვლო პრეტენზიებს აყენებს კომერციული რეალობისგან სრულიად განცალკევებულ იდეოლოგიაზე. ჩვენ დავიცავთ ამ გარიგებას სასამართლოში და დარწმუნებულები ვართ, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს გარიგება კარგი იქნება ადამიანებისთვის, დეველოპერებისთვის და უფრო ფართოდ VR სივრცისთვის”,- განაცხადა Meta-ს სპიკერმა. 

2020 წლის Facebook-ზე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ცუკერბერგმა შეიძინა თითქმის 100 კომპანია წინა ათწლეულში, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაექვემდებარა FTC-ის სიღრმისეულ განხილვას. FTC-ის მიერ Facebook-ისა და ოთხი სხვა მსხვილი ტექნოლოგიური პლატფორმის შეძენის შესწავლამ დაადგინა, რომ მათ იყიდეს ან ინვესტიცია განახორციელეს 800-ზე მეტ მცირე კომპანიაში, რომლებსაც არ სჭირდებოდათ შერწყმის შესახებ შეტყობინება ან განხილვა.

Meta-ს ადვოკატმა მარკ ჰანსენმა თქვა, რომ კომპანია აპირებს სთხოვოს FTC-ს ცუკერბერგის გათავისუფლება შიდა სააგენტოს პროცედურებიდან. კომპანიამ უარი თქვა FTC-სთვის ანგარიშსწორების შეთავაზებაზეც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეა ნაილენი