LIVE

რუსი დეპუტატი ევროპას ენერგო კრიზისის გადასაჭრელად Nord Stream 2-ის ამუშავებას ურჩევს

02 სექ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
რუსი დეპუტატი ევროპას ენერგო კრიზისის გადასაჭრელად Nord Stream 2-ის ამუშავებას ურჩევს

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ევროპას ენერგეტიკული კრიზისის გადაჭრა რუსეთის სანქციების გაუქმებითა და მილსადენ Nord Stream 2-ის ამუშავებით შეუძლია.

დუმის სპიკერი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ამბობს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება რუსეთის გარეშე შეუძლებელია.

"ევროპელი ლიდერებისთვის სიმართლის მომენტი დადგა. მათ აქვთ ორი გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც თავად შექმნეს. პირველი: ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო სანქციების მოხსნა და Nord Stream 2-ის გაშვება; მეორე: დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, რაც გამოიწვევს პრობლემებს ეკონომიკაში და მოქალაქეებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს", - წერს ვოლოდინი Telegram-ზე.

Nord Stream 2, $11-მილიარდიანი პროექტი, 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის მიერ სერტიფიცირების მოლოდინში უფუნქციოდ დარჩა. Nord Stream 2 გაზსადენის პროექტი გერმანიამ 22 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე შეაჩერა.  

Nord Stream 2 მილსადენს ფლობს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგო გიგანტი Gazprom, მაგრამ მან პროექტის ხარჯების მხოლოდ ნახევარი გადაიხადა, თანხის დანარჩენი ნაწილი კი ევროპულმა კომპანიებმა დაფარეს. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი Nord Stream-ის გავლით, ევროპისთვის გაზის მიწოდებას დათქმულ დროში არ განაახლებს

მილსადენს დღეში დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრის გატარება შეუძლია, თუმცა რუსეთი კვირების განმავლობაში Nord Stream 1-ის მილსადენით გაზს სიმძლავრის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით აწვდის. ის ამის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს. ევროპელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ რუსეთი მას იარაღად იყენებს. 

დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს. ევროკავშირში ამ თემაზე, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.