
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) განახლებადი ენერგიის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და პოპულარიზებაზე იმუშავებს. ასოციაციის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დაინერგება პროფესიული განათლების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“, რომელზეც ადგილობრივი და ზესტაფონელი ახალგაზრდების მიღება სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება.
კურსის ამოქმედება იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას.
კურსის მსმენელები ხუთი თვის განმავლობაში მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის პროფესიას დაეუფლებიან. კურსდამთავრებულები შეძლებენ მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას. დამატებით მსმენელები გაივლიან თეორიულ კურსებს განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე.
„მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟე ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად დეფიციტური სპეციალობაა ჩვენს სექტორსა და ზოგადად ქვეყანაშიც. შინამეურნეობებსა და კომერციულ ობიექტებზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურების რაოდენობამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრად იმატა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს მზის მსხვილი ელექტროსადგურების აშენება. რამდენიმე ასეთი სადგური გეგმებში აქვს როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს. პროფესიას, რომელსაც ჩვენი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდები შეისწავლიან, თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ მომავლის პროფესია“, - აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.