LIVE

მარსის ზედაპირზე ჟანგბადის შესაქმნელად რბოლა დაიწყო

02 სექ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 628
მარსის ზედაპირზე ჟანგბადის შესაქმნელად რბოლა დაიწყო

SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ვარაუდით, პილოტირებული მისია მარსზე 2029 წელს დაეშვება. ეს პირველი ნაბიჯი იქნება კაცობრიობის პლანეტათაშორისი კოლონიზაციის მცდელობებში.

თუმცა, გასათვალისწინებელია ბევრი რამ, მათ შორის წითელ პლანეტაზე ჟანგბადის თითქმის სრული არ არსებობა. ის აუცილებელია არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, არამედ მისიის დედამიწაზე დასაბრუნებლადაც.

მეცნიერები ჟანგბადის მისაღებად გზების მოძიებას იმ რესურსებიდან ცდილობენ, რომელიც მარსზეა აღმოჩენილი. ეს მათ საშუალებას მისცემს შექმნან სარაკეტო საწვავის საკმარისი რაოდენობა, რათა ასტრონავტები სახლში დაბრუნდნენ. ამ შემთხვევაში მეცნიერებს აღარ მოუწევთ ასობით ტონა მასალის გაგზავნა დედამიწიდან მარსზე საჭირო ჟანგბადის გადასატანად.

MIT-ის Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment-ი, რომელიც Moxie-ს სახელითაა ცნობილი, NASA-სთან ერთად მარსის ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის. პროცესი ტოსტერის ზომის მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც Perseverance-ის როვერშია ჩაშენებული. Perseverance-ი პლანეტაზე 2021 წელს დაეშვა.

MIT-ის პროფესორის, ჯეფრი ჰოფმანის მიხედვით, გასულ წელს Moxie-მ შვიდჯერ შეძლო საათში დაახლოებით ექვსი გრამი ჟანგბადის გამომუშავება.

ჰოფმანის თქმით, იმ სტადიამდე მისასვლელად, რომელზეც პლანეტაზე ადამიანებით დაკომპლექტებული სამეცნიერო ბაზის განთავსება იქნება შესაძლებელი, მარსს ჟანგბადის წარმოების სრულმასშტაბიანი ქარხანა დასჭირდება ენერგიის უწყვეტი წყაროთი. ჰოფმანის მიხედვით, ეს შესაძლოა იყოს Moxie-ს მსგავსი სისტემა, რომელიც მასშტაბით რამდენიმე ასეულჯერ დიდი იქნება და საათში სამი კილო ჟანგბადის გამომუშავება შეეძლება.

ჰოფმანმა ასევე აღნიშნა, რომ Oxeon-მა, კომპანიამ, რომელმაც Moxie-სთვის ელექტროლიზის განყოფილება შექმნა, უკვე ააწყო და გამოცადა 100-ჯერ უფრო დიდი სისტემა NASA-სთვის.

ასევე იკვლევენ მარსზე ჟანგბადის წარმოების ალტერნატიულ მეთოდებსაც.

16 აგვისტოს ჟურნალმა Applied Physics-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ლაბორატორიული პლაზმური რეაქტორი საათში დაახლოებით 14 გრამ ჟანგბადს ქმნის. ასევე, კიდევ ერთი შესაძლებლობაა მარსის ყინულით დაფარული ზედაპირიდან გაზის ამოღებაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარინ პარისი