
31 წლის ნინო მრელაშვილმა ფეხსაცმელების საკუთარი ბრენდის და საწარმოს შექმნით ბავშვობის ოცნება აისრულა. საწარმო თელავში მდებარეობს, ახალგაზრდა დიზაინერს კი შორს მიმავალი გეგმები აქვს. მათ შორის, საწარმოს უკეთ აღჭურვა, გაფართოება და ადგილობრივი ქალების დასაქმება. ამ ეტაპამდე მოსვლაც არ ყოფილა მარტივი. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ფეხსახმელების კერვა ექსპერიმენტულად დაიწყო, თუმცა წინსვლას, საწარმოს შექმნას და დანადგარებით აღჭურვას დრო დასჭირდა. იყო დაბრკოლებებიც, ხელშემშლელი სტერეოტიპებიც, თუმცა დღეს, ნინოსთვის გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერ იმას, რაც წინ ელის, ვიდრე იმას, რაც უკან მოიტოვა.
რატომ დაინტერესდით ფეხსაცმლის კერვით?
ყოველთვის, როცა მოდის ჟურნალებს ვათვალიერებდი, მინდებოდა მეც შემეკერა ფეხსაცმელი. ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება და განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევდა ფეხსაცმელი. სურვილი მქონდა, სხვადასხვა სტილის და დიზაინის ფეხსაცმელი შემეკერა ადამიანებისთვის და ყველას ჩემი შეკერილი ფეხსაცმელი სცმოდა.
თავად თუ ატარებთ საკუთარი დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელს?
კი და სხვათა შორის, ძალიან კომფორტულად. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ჩემ მიერ შექმნილი ფეხსაცმელი ყოფილიყო როგორც ხარისხიანი, ისე კომფორტული. ამ ეტაპზე ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზე. დამკვეთებს შორის არიან ადგილობრივებიც, ემიგრანტებიც, ვაგზავნი ფოსტითაც სხვა ქალაქებში. მაქვს ონლაინ გვერდი ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, სადაც ნახულობენ მოდელებს და მიკავშირდებიან - მე ვუგზავნი მზა ცფეხსაცმელს. ჩემთან მოდიან როგორც სტანდარტული ფეხის ტერფის, ისე პრობლემური ფეხის ტერფის მქონე ადამიანები და აღმოვაჩინე, რომ მათ, ვისაც პრობლემური ტერფი აქვს, განსაკუთრებით უჭირთ ბაზრობებზე თუ მაღაზიებში მათ საჭიროებებზე მორგებული ფეხსაცმლის მოძიება. ასეთის პოვნის შემთხვევაშიც, ხშირად დიზაინია მიუღებელი. ჩემთან შეუძლიათ როგორც კომფორტული, ისე სასურველი დიზაინის ფეხსაცმლის შეკერვა. ჩემთვის კი თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი ბედნიერების შეგრძნების მომტანია.
რა გაძლევთ ინსპირაციას?
სხვადასხვა სიტუაციები, შესაძლოა შეგრძნებები… შემდეგ წარმოვიდგენ რა ტიპის ფეხსაცმელს შევქმნი ამ სიტუაციდან. მაგალითად, ახლახანს ვიმუშავე კულტურის სამინისტროს პროექტზე, რომელიც ფოკუსირებული იყო ქართველ მეფეთა სამოსზე. მე ყოველთვის მინდოდა ამ თემაზე მუშაობა, რადგან საქართველო ატარებს უნიკალურ კულტურას და მინდოდა ეს ჩემს ფეხსაცმელში გაცოცხლებულიყო, ამით შემეტანა ჩემი წვლილი მის პოპულარიზაციაში. ამიტომ შევკერე ფეხსაცმელი, რომელშიც გაცოცხლებულია მეფეთა სამოსის ტრადიციული დეტალები. ეს მიმართულება ძალიან მიზიდავს და სხვა კოლექციების გაკეთებასაც ვგეგმავ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით. ახლაც ვმუშაობ ერთ-ერთ პროექტზე - უნდა შევკერო ფეხსაცმელი და ჩანთები ქართული ანბანის და ქართული ისტორიული ორნამენტის ელემენტებით.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საწარმოს მომავალი?
როცა ფეხსაცმლის კერვა დავიწყე, იყო შემთხვევები, ნათქვამებიც, რომ ქაელბი ფეხსაცმელს არ კერავენ, რომ ეს შეუძლებელია და არ გამოვა. მოკლედ, არასერიოზული დამოკიდებულება იყო ჩემი საქმიანობის მიმართ. ვინაიდან მიყვარს ჩემი საქმე და ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს ამ სფეროში, მაინც არ შევწყვიტე ძიება, განვითარება და ახლა მინდა, რომ ჩემს საწარმოში დასაქმდეს ბევრი ქალი, რათა ეს დამოკიდებულება, რომელიც არასწორია - შეიცვალოს.
მას შემდეგ, რაც თქვენმა მცდელობამ გაამართლა, ამჩნევთ ამ დამოკიდებულების ცვლილებას?
დიახ. ზუსტად ის ადამიანები რომლებიც ამბობდნენ, რომ არ გამომივიდოდა (მათთან დღესაც მიწევს ურთიერთობა) ახლა მეუბნებიან, ყოჩაღ! ახლა უხარიათ ჩემი წარმატება.
როგორ ფიქრობთ, რა უნარები გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?
ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად ადამიანს სჭირდება მიზანსწრაფულობა, საქმისადმი სიყვარული და მუდმივად სწავლა-განვითარება. ერთ ეტაპზე არ უნდა გაჩერდე. მე ვცდილობ, რომ ყოველთვის იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე ახლა ვაკეთებ და შემიძლია. ამაში საგანმანათლებლო პროექტებიც მეხმარება, მათ შორის საქართველოს ბანკის და UNDP-ს ერთობლივი პროექტი - აქ მიღებული ცოდნა წაადგა ჩემს საქმიანობას, შემეცვალა ხედვები რიგ საკითხებზე და ეს უკვე დადებთად აისახა ჩემს საქმიანობაზე. Მთავარია, რომ მიყვარს შრომა და არ ვუსმენ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობ საკუთარი შეძახილებით შემაფერხოს - ვისმენ ყველა აზრს, თუმცა ვითვალისწინებ მხოლოდ იმას, რომელიც ჩემთვის და ჩემი საქმიანობისთვის სარგებლის მომტანია. ასე ვაგრძელებ საქმიანობას და მინდა, სხვადასახვა საგრანტო პროექტებში ჩავერთო, მეტი მანქანა-დანადგარები შევიძინო და საწარმო ისეთ ეტაპამდე მივიყვანო, რომ დასაქმებულებისთვის ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე შემცირდეს, პროცესი დროში არ გაიწელოს და ხელი არ შემეშალოს საქმიანობაში. ასევე, მინდა დავასაქმო ადამიანები, რომლებსაც ჩემსავით უყვარს ეს საქმე და შევქმნა კოლექციები, რომლებსაც წარვადგენ მოდის კვირეულებზე. ჩემი მოდის სახლი რომ მქონდეს სამომავლოდ, ამაზეც ვოცნებობ.