LIVE

„მაგთიკომის“ შემოსავალი ₾19 მილიონით, „სილქნეტის“ კი ₾10 მილიონით გაიზარდა

26 აგვ 202218:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 762
„მაგთიკომის“ შემოსავალი ₾19 მილიონით, „სილქნეტის“ კი ₾10 მილიონით გაიზარდა

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში 20%-ით გაიზარდა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიების შემოსავლები და ჯამში 166 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა. აქედან „მაგთიკომის“ შემოსავალი 81 მლნ 200 ათასი ლარი იყო. წლიური ზრდა 19 მლნ ლარია. მეორე პოზიციაზეა „სილქნეტი“ 58 მლნ 200 ათასი ლარით. კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10 მლნ 400 ათასი ლარითაა გაზრდილი. 27 მლნ 500 ათას ლარიანი შემოსავლით კი მესამე პოზიციაზეა „ბილაინი“ (ვიონი). წლიური ზრდა 2 მლნ 200 ათასი ლარია.

მობილური მომსახურების ბაზრის ანგარიში მიხედვით, სადაც II კვარტლის შედეგებია გაანალიზებული, საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 5 მლნ 700 ათასი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აბონენტები 300 ათასითაა გაზრდილი. შედეგები აჩვენებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი ნომერი აქვს.

საქართველოში ყველაზე მეტი 2 მლნ 400 ათასი მობილური აბონენტი „მაგთიკომს“ ჰყავს. წლიურად მათი რაოდენობა 200 000-თაა გაზრდილი. 1 მლნ 900 ათასი აბონენტით მეორე პოზიციაზეა „სილქნეტი“. კომპანიას გასული წლის II კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 100 000-ით გაეზარდა. რაც შეეხება „ბილაინს“ 1 მილიონ 400 ათასი აბონენტით ის მესამე პოზიციაზეა. წლიური ზრდა კი 0.1%-ია.