LIVE

ლანდსბერგისი: ევროკავშირში რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ

23 აგვ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 792
ლანდსბერგისი: ევროკავშირში რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განაცხადებით, თუ ევროკავშირი რუსების შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას მხარს არ დაუჭერს, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს: ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთსა და ფინეთს შეუძლიათ რუსი ტურისტები თავიანთ ქვეყნებში არ შეუშვან.

ეს ის ხუთი ძირითადი ქვეყანაა, საიდანაც რუსები ევროკავშირში ხმელეთის მეშვეობით ხვდებიან, რადგან სანქციების ფარგლებში, რუსეთიდან ბლოკში ფრენები შეჩერებულია. 

"რუსი ტურისტები ევროკავშირში არ უნდა იყვნენ... მათი ქვეყანა გენოციდს ახორციელებს", - თქვა ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისი ასევე აღნიშნავს, რომ ბლოკში რუსი დისიდენტების მიღება დაშვებული უნდა იყოს. 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ ყველა რუსისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის იდეას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ.

"ჩვენ უფრო შერჩევით უნდა მივუდგეთ", – განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გარკვეული ზომები ვიზების აკრძალვის შესახებ და ევროკავშირის სხვა ქვეყნები არ აპირებენ მათ მხარი დაუჭირონ.

რუსებისთვის შენგენის ვიზის აკრძალვის საკითხს ბლოკი აგვისტოს ბოლოს პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე განიხილავს.

აკრძალვას ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ამბობს, რომ რუსებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ქვეყნიდან გაქცევა, თუ ისინი კრემლის პოლიტიკას არ ეთანხმებიან. ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ აკრძალვას, სავარაუდოდ, წინააღმდეგობას გაუწევს უნგრეთიც. 

ესტონეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემასაც წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო დანიამაც.