LIVE

ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა - სემეკი

23 აგვ 202212:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა - სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მარეგულირებლის განმარტებით, აღნიშნულ სექტორებში მომხმარებლის მიერ ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების განაცხადით მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურე კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელს.

„დამტკიცდა წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გაანგარიშების წესი, რომელიც არეგულირებს სანიტარიული დაცვისა და განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ ზონაში ქსელზე მიერთების პროცედურებს. წესის მიხედვით, შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე იკრძალება ქსელზე ისეთი მიერთება, რომელსაც არსებული წყალმომარაგების სისტემა საპროექტო მონაცემებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს. წყალმომარაგების სისტემის გაძლიერებისთვის, ქსელის მშენებლობას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი, დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის წინსწრებით გადახდის შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

აღნიშნული სიახლე, ძირითადად, ეხება დიდ პროექტებს რომელთა მიერ წყალმომარაგების ქსელზე მოთხოვნილი მისაერთებელი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად საჭიროა არსებული წყალმომარაგების სისტემის გაძლიერება, რაც საფასურის დადგენის გარეშე ტვირთად დააწვებოდა სასმელი წყლის წყალმომარაგების ტარიფსა და მომხმარებლებს“, - აღნიშნავენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

სემეკის განცხადებით, ახალი რეგულაცია ასევე ამოქმედდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მიმართებაშიც. კერძოდ, დაზუსტდა წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი პირველი ჭის ჩათვლით წყალარინების ქსელის მოვლაზე, მის ფლობასა და ექსპლუატაციაზე. ცნობისთვის, აღნიშნული დაზუსტება არ ვრცელდება ისტორიულად ჩამოყალიბებული ე.წ. „თბილისური ეზოს“ კუთვნილ წყალარინების ქსელებზე.