LIVE

ივლისში საქართველოში 236 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა - ზრდა 435%-ია

22 აგვ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 815
ივლისში საქართველოში 236 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა - ზრდა 435%-ია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ივლისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 236 734-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 435%-ია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება. მარტი-ივლისის პერიოდში საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია: 

  • მარტი - 45 068 რუსეთის მოქალაქე;
  • აპრილი - 48 797 რუსეთის მოქალაქე;
  • მაისი - 69 772 რუსეთის მოქალაქე;
  • ივნისი - 135 457 რუსეთის მოქალაქე;
  • ივლისი - 236 734 რუსეთის მოქალაქე.

მარტი-ივლისის ჯამური მონაცემების მიხედვით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლიურად 387%-ით გაიზარდა. 5 თვეში საქართველოს საზღვარი 535 828 რუსმა გადმოკვეთა. ამასთან, უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.

აპრილის, მაისის, ივნისისა და ახლა უკვე ივლისის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზეა. ივლისში მეორე პოზიციაზე იყო სომხეთი, შემდეგ მოდიოდა თურქეთი, საუდის არაბეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი და ბელორუსი.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების მიერ საზღვრის გადმოკვეთის მაჩვენებელს, გასული თვის მონაცემებით, უკრაინა საქართველოში შემოსვლების მიხედვით ქვეყნების პირველ ექვსეულში ვერ მოხვდა, შესაბამისად, შსს-ს გამოქვეყნებულ სტატისტიკაში მის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არის. 

მიმდინარე წლის ივლისში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 2 000 107-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 75% უცხოელი იყო, 25% კი - ქართველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ივნისში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

შეგახსენებთ, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 299 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნიდან კი 198 000 გავიდა. 101 000-ზე მეტ რუს ვიზიტორს საქართველო ჯერ არ დაუტოვებია.