LIVE

„საქართველოს საფონდო ბირჟის“ გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

17 აგვ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
„საქართველოს საფონდო ბირჟის“ გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

„საქართველოს საფონდო ბირჟის“ მმართველ გუნდში ცვლილებები იგეგმება. სექტემბრიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი თანამდებობას ტოვებს და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნინო ქურდიანი ინიშნება.

„საფონდო ბირჟის“ განმარტებით, გიორგი ფარესიშვილი ასევე ტოვებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.

გიორგი ფარესიშვილი აცხადებს, რომ საქმიანობას საზღვარგარეთ გააგრძელებს. 

„2014 წლიდან დღემდე ბირჟაზე დალისტული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზარდა 3-დან 23-მდე, რაც საქართველოს ზომის ეკონომიკის და რეგიონში არსებული გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანი შედეგია. საფონდო ბირჟას და ცენტრალურ დეპოზიტარს დღეს გააჩნიათ თანამედროვე სავაჭრო და საკლირინგო-საანგარიშსწორებო სისტემები, ახალი პროდუქტები და სერვისები, გამართული პროცესები და ჰყავთ მაღალი კვალიფიკაციის გუნდი. მიმაჩნია, რომ ჩემს წინაშე 2014 წელს დასახული ამოცანები და მიზნები დიდწილად მიღწეულია. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ჩემი პოზიცია და კარიერა საზღვარგარეთ განვაგრძო“, - განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.

რაც შეეხება ნინო ქურდიანს, „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ინფორმაციით, ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა.

„გიორგი ფარესიშვილმა დააწესა კომპანიის მართვის და წარმატების მაღალი თამასა. ჩემთვის პატივი იყო, მემუშავა მის გვერდით და მონაწილეობა მიმეღო საეტაპო გარდაქმნებში. ჩვენს წინაშე ახალი გამოწვევები და პერსპექტივებია. პროფესიონალთა გუნდთან ერთად აუცილებლად განვაგრძობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და არაერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ვიხილავთ ამ გზაზე“, - აღნიშნა ნინო ქურდიანმა.

შეგახსენებთ, გიორგი ფარესიშვილი „საქართველოს საფონდო ბირჟას“ 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ნინო ქურდიანი კი 2017 წლიდან „საფონდო ბირჟის“ ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებს. 

ცნობისთვის, „საფონდო ბირჟამ“ მიმდინარე წლის ივლისი, ივნისის მსგავსად, გარიგების გარეშე დახურა. შესაბამისად, ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა ივნისი-ივლისის პერიოდში 0 ლარი იყო. მაისში კი ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარს შეადგენდა. იანვარი-ივლისში საფონდო ბირჟაზე სულ 23 გარიგება შედგა. აქედან ლარში 8 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾5 416 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).