LIVE

აქტივების დაყადაღების შემთხვევაში მოსკოვი აშშ-სთან ურთიერთობების შეწყვეტით იმუქრება

13 აგვ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1074
აქტივების დაყადაღების შემთხვევაში მოსკოვი აშშ-სთან ურთიერთობების შეწყვეტით იმუქრება

შეერთებული შტატების მიერ რუსული აქტივების ნებისმიერი ჩამორთმევა მთლიანად გაანადგურებს მოსკოვის ორმხრივ ურთიერთობებს ვაშინგტონთან. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა.

დასავლელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ვარაუდობენ გაყინული აქტივების კონფისკაციას უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.

“ვაფრთხილებთ ამერიკელებს ასეთი ქმედებების საზიანო შედეგების შესახებ. ეს სამუდამოდ დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, რაც არც მათ და არც ჩვენს ინტერესებშია”,- განუცხადა ალექსანდრე დარჩიევმა TASS-ს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა $30 მილიარდის აქტივები გაყინეს, რომლებსაც ფლობდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირში მყოფი ოლიგარქები, მათ შორისაა იახტები, ვერტმფრენები, უძრავი ქონება და ხელოვნების ნიმუშები.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს კონგრესისგან უფრო ფართო უფლებამოსილების მინიჭებას რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევის მიზნით.

დარჩიევის თქმით, რუსეთმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ დიპლომატიური კავშირები ძლიერ დაზიანდება და შეიძლება გაწყდეს კიდეც, თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად გამოცხადდება.

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას დარჩიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის გავლენა კიევზე იმდენად გაიზარდა, რომ “ამერიკელები სულ უფრო და უფრო ხდებიან კონფლიქტის პირდაპირი მხარე”.