LIVE

აბრამოვიჩის ლონდონის იმპერია სანქციების შემდეგ ჩამოიშალა

09 აგვ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 993
აბრამოვიჩის ლონდონის იმპერია სანქციების შემდეგ ჩამოიშალა

რომან აბრამოვიჩის კენსინგტონის სასახლე ერთ-ერთია ლონდონის იმ რამდენიმე აქტივიდან, რომელიც რუსმა მილიარდერმა ბოლო ათწლეულში შეიძინა. თუმცა, ეს საყრდენები ბოლო თვეების განმავლობაში სუსტი აღმოჩნდა, რადგან მისი ქონება, ჩელსის საფეხბურთო კლუბიდან დაწყებული, ძვირადღირებული სახლებით დამთავრებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიყიდა ან გაიყინა.

უკანასკნელი დარტყმა აბრამოვიჩმა გასულ თვეში მიიღო, როცა MHC-მა, რომელიც კონფლიქტამდე მისი ოჯახის ოფისის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა, ლიკვიდაციაზე შეიტანა განაცხადი. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აბრამოვიჩის ძირითადი აქტივების ღირებულება ლონდონში £4 მილიარდს აღწევდა, რაც იმ დროისთვის მისი მთლიანი ქონების მესამედს წარმოადგენდა.

ეს ძვრები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწრაფად ქრება ფინანსური სანქციების ფონზე რუსეთის უმსხვილესი ქონებებიდან ზოგიერთი.

55 წლის აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ოლიგარქია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკაში მილიარდების ინვესტიცია ჩადო.

მან ჩელსის საფეხბურთო კლუბი 2003 წელს £140 მილიონად შეიძინა. გაყიდვამდე აბრამოვიჩმა კლუბისთვის £1 მილიარდის დაფინანსება უზრუნველყო, ხოლო გარიგებიდან თანხების ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო. კლუბის ახალი მფლობელთა ჯგუფი, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით, £2,5 მილიარდის გადახდას დათანხმდა, შემდგომში £1.75 მილიარდის ინვესტიციის პირობით.

ცოტა ხნით ადრე, სანამ დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდებოდა, აბრამოვიჩი ლონდონში ორი საკუთრების მოშორებას ცდილობდა. თუმცა, მას ქონების გაყიდვა აღარ შეუძლია, სანამ გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. ასევე, ნებისმიერი ნაღდი ფული, რომელიც აბრამოვიჩს ქვეყანაში აქვს შენახული, ანგარიშებზე გაყინული რჩება.

ოლიგარქს ასევე არ აქვს უფლება გაყიდოს წილი Evraz-ში, კონფლიქტამდე მის ყველაზე დიდ აქტივში, რომელიც მაისში დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა და მიმდინარე წელს 87%-ით დაეცა, სანამ მთავრობის სიაში მოხვედრის შემდეგ გაიყინებოდა.

„სანქციების გაუქმების საეჭვო სცენარის შემთხვევაშიც კი, მისთვის ძალიან რთული იქნება გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირისკენ დასაბრუნებელი გზის პოვნა“,- განაცხადა ლიანა სემჩუკმა, საკონსულტაციო ფირმა Sibylline-ის ევრაზიის დაზვერვის ანალიტიკოსმა.

აბრამოვიჩმა ლონდონში ინვესტიციების განხორციელება 2000-იანი წლების დასაწყისში მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირისგან შეძენილი პრივატიზებული აქტივების გაყიდვით დააგროვა ქონება.

2001 წლის ბოლოს აბრამოვიჩმა მისი საოჯახო ოფისის ლონდონის ფილიალი Millhouse-ი დააარსა. ასევე, შეიძინა პენტჰაუსი ლონდონში, ქონება სასექსში და სახლები ბელგრავიაში. მისი ბრიტანეთში ვიზიტები გახშირდა მას შემდეგ, რაც ჩელსი შეისყიდა ალუმინის აქტივების დიდი ნაწილის თანამემამულე ოლეგ დერიპასკასთვის მიყიდვის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ, აბრამოვიჩის აქტივები მოიცავს სახლებს საფრანგეთსა და რუსეთში, ასევე სუპერიახტებსა და კერძო თვითმფრინავებს, რომლებიც ახლა ლეგალური დავის საგანია აშშ-ში სანქციების სავარაუდო დარღვევის გამო. გარდა ამისა, მას ეკუთვნის Concord Management-ის უკან მდგომი $6 მილიარდის უმეტესი ნაწილი, რომელიც 100-ზე მეტ ჰეჯ-ფონდში ინვესტირებისთვის გამოიყენა.

აბრამოვიჩმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი ორი იახტა თურქეთის წყლებში გადაიყვანა, რათა თავიდან აეცილებინა აქტივების შესაძლო ჩამორთმევა ევროპაში. მისი პირადი თვითმფრინავები კი მარტიდან დუბაიში და მოსკოვშია გაჩერებული.

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში აბრამოვიჩი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მისი თანხმობა მიიღო. მოლაპარაკებები შემდგომში შეფერხდა, თუმცა ქვეყნებმა წინ წაიწიეს დიპლომატიის მიმართულებით და გასულ თვეში მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გლობალურ საკვების მიწოდებას დაეხმარება.

აბრამოვიჩმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასევე ინვესტიციები ჩადო ლონდონში დალისტულ მცირე ბიზნესებში, მათ შორის სუფთა საწვავის ტექნოლოგიების კომპანიებში Velocys-ში და AFC Energy-ში.

მან ამ ფსონების გამოთავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წელს ბრიტანეთის ვიზის განახლების პრობლემები შეექმნა. ამავე წელს აბრამოვიჩმა ისრაელის მოქალაქეობა მიიღო და ჩელსის ახალი სტადიონის გეგმები შეაჩერა. 2021 წელს ის გახდა პორტუგალიის მოქალაქე კანონის მიხედვით, რომელიც ნატურალიზაციას სთავაზობდა იბერიის ნახევარკუნძულიდან გაძევებულ სეფარდ ებრაელთა შთამომავლებს. პორტუგალიამ გადაწყვეტილების შესახებ გამოძიება დაიწყო.

მან კენსინგტონის სასახლე 2009 წელს £90 მილიონად შეიძინა. ამჟამად სახლში აქტივობის ნიშნები თითქმის არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით მწვანე კომბინეზონში გამოწყობილ მებაღეს, რომელიც შესასვლელთან ყვავილებს რწყავს. 

„სანქციები გამიზნული იყო აბრამოვიჩის მსგავსი ოლიგარქებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად, რათა პუტინზე ზეწოლა განეხორციელებინათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლონდონი მისთვის ჩაიკეტა, ის უფრო მეტად არის დამოკიდებული პუტინზე, რადგან სანქციები მას რუსეთში აბრუნებს“,- აღნიშნა  Sibylline-ის ანალიტიკოსმა ლიანა სემჩუკმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენჯამინ სტაფლსი