LIVE
ვიდეო
29 ივნ, 2022 10:38
შოთა ბურჯანაძე: წელს ბათუმში ტურისტების კოლაფსი იქნება, ვერ მოვემსახურებით
415

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ტურისტებისა და მიგრანტების რაოდენობის ზრდის ფონზე, ზაფხულის შემდეგ თვეებში, რესტორნებს მომსახურების გაწევა გაუჭირდებათ.

როგორც ბურჯანაძემ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, მიზეზი სექტორში კადრების დეფიციტია. 

"წელს ბევრი ადგილობრივი და ტურისტი გვეყოლება. დროთა განმავლობაში კიდევ დაგვემატება მიგრანტები, შესაბამისად, ადამიანების დიდი რაოდენობა აჭარას დააწვება. კადრების ის რაოდენობა, რომელიც დღესდღეობით გვყავს, პრობლემური იქნება. აღნიშნული შეგვიძლია შევადაროთ პრობლემას, რომელიც ცოტა ხნის წინ გვქონდა ლარსის საზღვარზე. კილომეტრებიანი რიგები იყო, რომელმაც კოლაფსი გამოიწვია",- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

როგორც რესტორატორი აცხადებს, დამსვენებლების მხრიდან შექმნილი კოლაფსი, მომსახურების დონეს გააუარესებს, რაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ისედაც გამოწვევა იყო.

"ბათუმში ყოველთვის გვქონდა ხარისხის პრობლემა. დღეს კი ეს პრობლემა უფრო შესამჩნევი იქნება. ინფრასტრუქტურაც და კადრებიც ამხელა მოზღვავებული სტუმრებისთვის მზად არ არის. გამოსავალი ისაა, რომ მთავრობა ჩაერიოს და შრომისუნარიან ადამიანებს დასაქმება შეეძლოთ, სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების ნაცვლად",-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ცნობისთვის, 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 906 670 იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 54.8%-იანი აღდგენაა. უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება რუსეთიდან. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 51 561 რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა. წლიურმა ზრდამ 377% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 1 265%-ითაა გაზრდილი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ