LIVE
ვიდეო
13 იან, 2022 18:30
აზარტული თამაშების კანონმა არალეგალური ვებ-გვერდები და გარიგებები გაააქტიურა
147

აზარტული თამაშების შესახებ ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ, ბაზარზე არალეგალური საიტების რაოდენობა მომრავლდა. როგორც კერძო სექტორი აღნიშნავს, ვებგვერდები, რომლებსაც საქართველოში წარმომადგენლობა არ აქვთ, ქართულად უკვე ნათარგმნია და მომხმარებლებს რეკლამების საშუალებით იზიდავენ.

როგორც ბიზნესი ირწმუნება, არალეგალურ საიტებზე გადასვლის შემთხვევაში, მომხმარებლები დაზარალდებიან.

"თუ დღეს საქართველოს ოპერატორებს მოგების მარჟა 10-12% აქვთ, მათი მოგების მარჟა არის 45-50%. შესაბამისად, ქართველი მომხმარებელი, კიდევ უფრო მეტ თანხას წააგებს და არანაირი დაცულობა არ ექნება. ისინი არ ექვემდებარებიან ვერიფიკაციის, ლეგალურ წესებს. ეს პრობლემაა, რადგან ამ თამაშებში სწორედ ის კატეგორია ჩაერთვება, რომელსაც აკრძალვა შეეხო",-აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან", სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაიშვილი.

აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესული ცვლილების ნაწილი 1 იანვრიდან ამოქმედდა და კომპანიებს გადასახადები გაეზარდათ. მათი დასაბეგრი ბაზა 65-70%-ითაა მომატებული. ამასთან, ონლაინ კაზინოებიდან თანხის გატანის საკომისიო 1%-დან 3%-მდე გაიზარდა, გართულდა რეგისტრაციის პროცესი.

რეგულაციის მეორე ნაწილი მარტში ამოქმედდება. სწორედ, გაზაფხულიდან აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამირება და 25 წლამდე ახალგაზრდების დარეგისტრირება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლებმა გამოსავალი აქაც იპოვეს. ასოციაციის ინფორმაციით, 25 წელს გადაცილებულმა პირებმა საკუთარი ანგარიშების გაყიდვა დაიწყეს. შესაბამისად, ერთი კონკრეტული პერსონალური ანგარიშის უკან, არ არის გამორიცხული, რამდენიმე მომხმარებელი, მათ შორის, არასრულწლოვანები აღმოჩნდნენ. 

"26-27 წლის ახალგაზრდები აქირავებენ ექაუნთებს, შესაბამისად, ხალხი მოახერხებს არალეგალურად თამაშებს. ჩვენ არ გვეცოდინება ვინ დგას კონკრეტულად ამ გვერდების უკან",- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

აზარტული თამაშების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაჩქარებული წესით მიიღო. რეკლამის აკრძალვის პარალელურად კომპანიებმა მედია საშუალებებთან თუ სპორტულ გუნდებთან ხელშეკრულებების გაუქმება უკვე დაიწყეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ