2021 წლის 10 თვეში საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 20 მილიონ დოლარს გადასცდა. იმპორტი 2020 წელთან შედარებით 30%-ით, ხოლო - პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 10%-ითაა გაზრდილი.
როგორც სექტორის ნაწილი აღნიშნავს, მეორადი ტანსაცმლის იმპორტი გაძვირებულია, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებისა და განბაჟების გამო საქონელი მიმდინარე წელს დაახლოებით 40%-45%-ით გაძვირდა. ახალი წლის პერიოდში კი ფასები სავარაუდოდ კიდევ 5%-ით გაიზრდება.
"მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ შეძენის საშუალება აქვთ ნაკლები. გაზაფხულზე შემოტანილ საქონელთან შედარებით, ახლა შემოტანილი საკმაოდ გაძვირებულია. მათ შორის ფასები გაზრდილია განბაჟებისა და ტრანსპორტირების კუთხითაც. რაც აუცილებელია, მხოლოდ იმას ყიდულობენ",- განმარტავს მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველი, ნათია ძამნაშვილი.