LIVE
ვიდეო
21 თებ, 2023 16:50
"სამართლიანი ვაჭრობის შესახებ" კანონი - რას უნდა ველოდოთ?
268

პრემიერის დავალებით კანონპროექტზე მუშაობა იწყება, რომელმაც იმპორტიორებსა და რითეილერებს შორის ახალი თამაშის წესები უნდა დაადგინოს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "სამართლიანი ვაჭრობის შესახებ" კანონი "ევროდირექტივის" შესაბამისი იქნება. ასეთი კანონმდებლობა ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილად არსებობს, თუმცა ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას ან რაიმე ფორმით სურსათზე ფასების ხელოვნურად ფორმირებას არ მოიაზრებს.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს, პრობლემა ნამდვილად არსებობს და ფასი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტს ევროპის დახლიდან საქართველომდე მოჰყვება, რეალობას აცდენილია. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, საჭირო გახდა კანონპროექტის შემუშავება, რათა რითეილერებისა და დისტრიბუტორებისთვის სამართლებრივი ჩარჩო გაჩნდეს, გაუმჯობესდეს კონკურენცია და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები ყოველთვის სამართლიანი იყოს.

"ეს კანონი დროულია, თანაც პროცესი არ არის რამით განსაკუთრებული, ეყრდნობა ევროპულ პრაქტიკას, არის გარკვეული დირექტივები, ეს ეხება საცალო მოვაჭრეებს და დისტრიბუტორებს, რომ მათ შორის არსებობდეს ჩამოყალიბებული გარკვეული სამართლებრივი ჩარჩო და კანონიც სწორედ ამას დაარეგულირებს," - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ამის ფონზე, იურისტებს თუ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ  ევროკავშირი და იქ არსებული სამართლიანი ვაჭრობის პრინციპები, ბიზნესის დაბარების, რაიმე ფორმით საქმიანობაში ჩარევის ან თითის დაქნევის მექანიზმით არ მუშაობს.

თანაც ევროპაში "სამართლიანი ვაჭრობის კანონი" ძირითადად არეგულირებს აგრარულ ბაზრებზე სამომხმარებლო პროდუქციაზე თავისუფალ ვაჭრობას. ამიტომ, მათთვის გაუგებარია, რატომ ხდება საჭირო ახალი დამატებითი კანონის მიღება, როდესაც "კონკურენციის შესახებ" კანონი არსებობს და სწორედ ევროდირექტივის მიხედვით, მკაფიოდ რეგულირდება ბიზნეს ოპერატორების ურთიერთობები, კარტელური გარიგებების საკითხები, და ისიც, თუ რა არის კონკურენტული ფასი.

"ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რას ემსახურება პრემიერის განცხადებები, ან რისთვისაა საჭირო ახალი კანონპროექტი. თუკი ახალი კანონით უნდა აღიკვეთოს არამართლზომიერი სარგებლობა ბაზარზე შესაძლოა უფრო ლოგიკურიც იყოს, მაგრამ როგორც წესი, ძირითადად მიჩვეულები ვართ უხეშ ჩარევებს, ამიტომ რთული სათქმელია, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას GRASS-ის ანალიტიკოსი, ვალერი კვარაცხელია. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ