LIVE
ვიდეო
23 სექ, 2022 16:45
შემოსავლების სამსახური ვირტუალური ზონის სტატუსის კომპანიებს ისევ აჯარიმებს
170

შემოსავლების სამსახურმა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების დაჯარიმების მორიგი ტალღა დაიწყო და კომპანიებს ათი ათასობით ლარის გადახდას აკისრებს.

უწყება ბიზნესს სთხოვს, რომ მოგების ნაწილი თანამშრომლების ხელფასად ასახონ, რათა შემდგომ ეს თანხა საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს. შემოსავლების სამსახური კომპანიებს ხელფასის საბაზრო ოდენობად თითოეული დასაქმებულისთვის 5000 ლარს უსაზღვრავს.

იურისტებისთვის, ეს ფაქტი ბუნდოვანია, რადგან საქართველოს კანონმდებლობით ხელფასის ასეთი ცნება არ არის განსაზღვრული. ამასთან, შეუძლებელია, რომ სხვადასხვა კვალიფიკაციის IT სპეციალისტს ერთნაირი ხელფასი დაუწესო.

ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე უცხოური კომპანიები ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ და საგადასახადო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან, როცა საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიან პროდუქტს, ხოლო მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდიან.

ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებს მხარს უჭერს ევროპული ბიზნეს ასოციაციაც, სადაც განმარტავენ, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას აბრკოლებს.

ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ ოფიციალური წერილიც გაგზავნა პარლამენტში და პრემიერმინისტრის აპარატში. როგორც ასოციაციაში "ბიზნეს ფორმულას" განუცხადეს, ერთ თვეში შემოსავლების სამსახურში განხილვაა ჩანიშნული. ისინი იმედოვნებენ, რომ უწყება მდგომარეობას გამოასწორებს და უცხოელ ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ მუშაობა ჯარიმების გარეშე გააგრძელონ.

„არის მოლოდინი, რომ შემოსავლების სამსახური შეეცდება ვითარების გამოსწორებას, თუმცა არ ვიცით გააუქმებს თუ არა უკვე არსებულ ჯარიმებს, თანაც ბევრი დავა უკვე სასამართლოშია გადასული და ერთ-ერთი პროცესი ნოემბრის ბოლოს უნდა გაიმართოს, რაც ვიმედოვნებთ რომ შემოსავლების სამსახურისთვის პრეცედენტული იქნება,“- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას შორენა კოპალეიშვილი, "საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის" თავმჯდომარე.

ცნობისთვის, დავა უცხოელ ინვესტორებსა და შემოსავლების სამსახურს შორის თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, დარიცხული ჯარიმები და საურავები კი საერთო ჯამში მილიონ ლარს აღწევს. იურისტები ფიქრობენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა უნდა აღმოფხვრას საკანონმდებლო ხარვეზები და მკაფიოდ განიმარტოს ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე პირების უფლებები, ამ სტატუსის მინიჭების გზები, რათა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს აღარ ჰქონდეთ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ