LIVE

კიევის ტაქტიკის კრიტიკის შემდეგ Amnesty International-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი გადადგა

06 აგვ 202216:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
კიევის ტაქტიკის კრიტიკის შემდეგ Amnesty International-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი გადადგა
Marco Tacca/Getty Images

Amnesty International-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. ორგანიზაციამ კიევი მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხის ქვეშ დაყენებასა და საერთაშორისო კანონების დარღვევაში დაადანაშაულა.

სადამკვირვებლო ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც უკრაინის სამხედრო ძალებს სკოლებში, საავადმყოფოებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებში სამხედრო ბაზებისა და იარაღის განთავსებაში ადანაშაულებს.

ოქსანა პოკალჩუკმა, Amnesty International-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ მოხსენება “რუსული პროპაგანდის იარაღად იქცა”. მან აღნიშნა, რომ წასვლა გადაწყვიტა Amnesty International-ის ხელმძღვანელობასთან ღირებულებებზე უთანხმოების გამო.

პოკალჩუკმა თქვა, რომ Amnesty International-ის უკრაინის ოფისი მუდმივად ითხოვდა ანგარიშში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებას. თუმცა, როდესაც ჯგუფმა საბოლოოდ მიმართა სამინისტროს, უკრაინის ოფიციალურ პირებს ძალიან ცოტა დრო მიეცათ რეაგირებისთვის. Amnesty-მ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს 29 ივლისს დაუკავშირდა.

“შედეგად, უნებურად, ორგანიზაციამ შექმნა მასალა, რომელიც რუსული ნარატივების მხარდაჭერას ჰგავს. სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მიზნით, ეს კვლევა რუსეთის პროპაგანდის იარაღად იქცა”, - წერს პოკალჩუკი. 

ანგარიშის გამოქვეყნებას კიევში აღშფოთება მოჰყვა. მაღალჩინოსნებმა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უარყო ბრალდება და Amnesty International-ი “ტერორისტული სახელმწიფოსთვის ამნისტიის მინიჭების მცდელობასა და პასუხისმგებლობის აგრესორისგან აგრესიის მსხვერპლზე გადატანაში” დაადანაშაულა. ანგარიშის გამოქვეყნებისას პოკალჩუკმა თქვა, რომ Amnesty-ის უკრაინის ოფისი არ იყო ჩართული მის მომზადებაში.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ “გამოძიება რუსეთის ომის დანაშაულებზე და უკრაინის სამხედრო ტაქტიკაზე კრიზისზე რეაგირების პროგრამის ექსპერტებმა ჩაატარეს. მათი დასკვნები ეფუძნება კვლევის მკაცრ სტანდარტებს”.

Amnesty International-ი ადასტურებს, რომ უკრაინის მთავრობას 29 ივლისს დაუკავშირდნენ და საპასუხოდ დრო 3 აგვისტომდე მისცეს.