LIVE

₾1.30 ბენეფიციარზე, არასათანადო ჰიგიენა, უცვლელი მენიუ - ომბუდსმენი უფასო სასადილოებზე

02 აგვ 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1060
₾1.30 ბენეფიციარზე, არასათანადო ჰიგიენა, უცვლელი მენიუ - ომბუდსმენი უფასო სასადილოებზე

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, თბილისში მოქმედ უფასო სასადილოებში ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, რაც მკვეთრად ჩამორჩება რეგიონებში თითოეულ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ თანხას.

სახალხო დამცველის აპარატმა 25 მუნიციპალიტეტში 59 უფასო სასადილო შეამოწმა. ანგარიშის „უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელება საქართველოში“ მიხედვით, ბორჯომში 1 პირზე - 2.47 ლარია გამოყოფილი, ქუთაისში - 2.50 ლარი, ახალციხეში - 2.05 ლარი, სამტრედიაში - 2.20 ლარი, თელავში - 2.65 ლარი.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბილისში მოცემული დაფინანსებით იფარება სერვისის ადმინისტრაციული ხარჯებიც, რაც კიდევ უფრო ამცირებს ბენეფიციართა საკვებზე გამოყოფილი თანხის რეალურ ოდენობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, მომსახურების ერთიანი მინიმალური სტანდარტის არარსებობის ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის საკვების მინიმალური კვებითი ღირებულება. სერვისის დაგეგმვა ეფუძნება არა კალორიების აუცილებელ დღიურ ოდენობას, არამედ მეტწილად ერგება მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს, ბენეფიციართა კვებითი საჭიროებების კვლევის გარეშე.

„მენიუს შედგენის დროს, გარდა ერთეული შემთხვევებისა (მოთხოვნა რუხ პურზე დიაბეტით დაავადებული პირებისთვის), გათვალისწინებული არ არის კალორაჟი, სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი. მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

თითქმის ყველა ობიექტზე გვხვდება დღის მენიუ, რომელიც იცვლება მხოლოდ კვირის დღეების მიხედვით და არ იცვლება სეზონურად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, პრობლემურია სასადილოების გეოგრაფიული დაფარვის არეალი. ხშირად ბენეფიციარებს საკმაოდ შორი მანძილის გავლა უწევთ საკვების მისაღებად. პანდემიისა და სხვა სოციალური ბარიერების მიზეზით, მათი ნაწილი სასადილოს სერვისით სათანადოდ ვერ სარგებლობს. შორი მანძილის გამო, ბენეფიციართა ნაწილი უფასო სასადილოდან მხოლოდ პურის გატანას ახერხებს. ანგარიშის თანახმად, სასადილოდან მხოლოდ პურის გატანის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია თბილისში. ბენეფიციარებთან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ ამის მიზეზი მომზადებული საკვების დაბალი ხარისხი (არადამაკმაყოფილებელი გემოვნური თვისებები) და დაბალი კალორიულობაა.  

სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშის თანახმად, უფასო სასადილოების სერვისის დაგეგმვის, მიწოდებისა და მონიტორინგის სისტემები განსხვავებულია და არ მოიცავს კვების ხარისხის კონტროლს. ზედამხედველობა ძირითადად ფინანსური აუდიტით შემოიფარგლება.

ანგარიშში საუბარია უფასო სასადილოების სამზარეულოებში ჰიგიენის წესების დარღვევაზე. დაწესებულებების დიდი ნაწილის სამზარეულოებში სრულად არ არის დაცული ზოგადი ჰიგიენური ნორმები. ზოგან კი ჰიგიენის სათანადო დაცვას შეუძლებელს ხდის სველი წერტილების არარსებობა.

„ობიექტებზე ძირითადად დარღვეულია მომსახურე პერსონალის ეკიპირების წესები (ხალათით, პირბადით, ერთჯერადი ხელთათმანით უზრუნველყოფა). ასევე არ არის გათვალისწინებული პანდემიის პირობებში მათი პირბადეებით უზრუნველყოფა.

მომზადებული საკვების გაცემის და მიღების დროს დარღვეულია ჰიგიენური ნორმები. მათ შორის, პური, ფუნთუშა არ არის შეფუთული. არ კონტროლდება საკვების გატანისას ჭურჭლის სანიტარული მდგომარეობა და საკვების უსაფრთხოების დაცვის ხარისხი.

სასადილოთა უმეტესობაში პრობლემად გამოიკვეთა ვირუსის გავრცელების პრევენციის წესების დაცვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში სერვისის მოდიფიცირება ძირითადად განხორციელდა საკვების ადგილზე მიტანის გზით, თუმცა ანგარიშის თანახმად, არ არსებობს ულუფის შინ მიტანის სერვისით სარგებლობისთვის მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმები. კერძოდ, არ არის განსაზღვრული იმ პირთა წრე და პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც ექვემდებარება სადილის ბინაზე მიტანის მომსახურებას, ისევე როგორც არ არის განსაზღვრული ასეთ შემთხვევაში სადილის ტრანსპორტირებისა და გადაცემის წესები და ფორმა.

სასადილოს თანამშრომელთა ვირუსით ინფიცირების ან სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისთვის შედგენილი არ არის საკვების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფის წესი, ან სამოქმედო გეგმა.

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს შემოიღეს უფასო სასადილოების სერვისით მოსარგებლე პირთა ელექტრონული აღრიცხვის სისტემა, აღნიშნული მექანიზმი ფართოდ არ არის დანერგილი და პროგრამის მოსარგებლეთა აღრიცხვა კვლავ მექანიკური საშუალებებით ხორციელდება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი შენობების უმეტესობა სარემონტოა და ვერ აკმაყოფილებს მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებს. ხარვეზები გამოიკვეთა უფასო სასადილოების შენობების შიდა სივრცეებში ტემპერატურული რეჟიმის დაცვის კუთხით. ყველა ობიექტი არ არის აღჭურვილი გათბობის სისტემით.

მუნიციპალიტეტების მხრიდან არ ხდება სერვისით მოსარგებლეთა სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით.