LIVE

ევროზონის რეცესიისკენ გადახრა ევროზე ძლიერ ზეწოლას ინარჩუნებს

31 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 699
ევროზონის რეცესიისკენ გადახრა ევროზე ძლიერ ზეწოლას ინარჩუნებს

ევრო, რომელიც წელს უკვე ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ძლიერი ზეწოლის ქვეშ რჩება, რადგან ევროზონის ეკონომიკა რეცესიისკენ მიდის.

ის დოლარზე ოდნავ უფრო მაღლა ინარჩუნებს პოზიციებს, მიმდინარე თვის დასაწყისში პარიტეტს ქვემოთ მოკლევადიანი დაცემის შემდეგ, რაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. ვალუტის პერფორმანსმა ხელი შეუწყო ევროზონის ეკონომიკის მიმართ მზარდ პესიმიზმს. წელს დოლართან მიმართებით ევრო 10%-ზე მეტით დაეცა. ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ნიშნულიდან ევროს კიდევ უფრო დაღმასვლას უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური უიმედობის დიდი ნაწილი ევროპისთვის რუსული ენერგომომარაგების შეფერხებაზე კონცენტრირდება, რაც განსაკუთრებით ემუქრება გერმანულ ინდუსტრიებს. Credit Suisse-ის პროგნოზით, 50%-ია შესაძლებლობა, რომ ევროზონა მომავალი 6 თვის განმავლობაში რეცესიაში გადავა. Goldman Sachs-ი კი ამბობს, რომ ის შესაძლოა უკვე იყოს ამ ფაზაში შესული.

ფასის პერსპექტივიდან გამომდინარე, ევრო 2012 წელთან შედარებითაც კი უარეს შედეგს აჩვენებს. 2012 წელს ვალუტის ფასის უდაბლესი დონე $1.20 იყო. ახლა 1 ევრო დაახლოებით $1.02-ად ივაჭრება. ეს მას შემდეგ, რაც 14 ივლისს მისი ღირებულება 99.52 ცენტს ჩამოსცდა.

JPMorgan Chase და Rabobank-ი მისი ღირებულების 95 ცენტამდე დაცემასაც პროგნოზირებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. Bloomberg-ის პროგნოზი წლის ბოლოსთვის $1.06-ია.

თუმცა, ყველა ნეგატივის მიუხედავად, ნაკლებად არსებობს მოლოდინი, რომ რეგიონი კიდევ ერთი ეგზისტენციალური კრიზისისკენ მიდის, როგორიც ეს 10 წლის წინ მოხდა, როდესაც ვალის მაღალმა დონემ და ობლიგაციების მზარდმა შემოსავალმა რეგიონის შესაძლო ჩამოშლის შესახებ სპეკულაციები გააჩინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალის გლედჰილი