LIVE

WTO-ს პირველი ქალი ლიდერი, რომელმაც ორგანიზაცია კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს

09 თებ 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 702
WTO-ს პირველი ქალი ლიდერი, რომელმაც ორგანიზაცია კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს
Michael Nagle/Bloomberg

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები გენერალური დირექტორის პოსტზე ნგოზი ოკონჯო-ივეალას კანდიდატურას მხარს უჭერენ.  დადასტურების შემთხვევაში, 66 წლის ნიგერიელი ეკონომისტი გახდება პირველი ქალი და პირველი აფრიკელი, რომელიც WTO-ს უხელმძღვანელებს. ცვლილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. მსოფლიო ლიდერები იმედოვნებენ, რომ ოკონჯო-ივეალა WTO-ს ჭაობიდან ამოყვანას შეძლებს და თანამედროვე გლობალური სავაჭრო სისტემის მმართველ ორგანოდ აქცევს.

1. რა დევს სასწორზე:

საუკუნის უდიდესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რეფორმების სტაგნაცია და გლობალური პროტექციონისტული პოლიტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეკონომიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონდე ქვეყნები თანხმდებიან, რომ ორგანიზაცია უნდა განვითარდეს, რათა ტექნოლოგიასა და გლობალურ სავაჭრო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს გაუმკლავდეს. ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამ შეიძლება გაარღვიოს ბიუროკრატიული ბარიერები და დაეხმაროს გლობალური ზრდის ტალღას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.

2. რამ განაპირობა კრიზისი:

2020 წლის 31 აგვისტოს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, რობერტო აზევედო, ვადის დასრულებამდე ერთი წლით ადრე თანამდებობიდან გადადგა. აზევედოს განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში "არაფერი ხდებოდა" და უფრო დიდი ქაოსის თავიდან აცილებლად მისი გადადგომა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. ხელმძღვანელის მოულოდნელმა გადადგომამ მისი შემცვლელის დანიშვნის ნაჩქარევი პროცესი დაიწყო. ლიდერის გარეშე დარჩენილ ორგანიზაციას სექტემბრიდან გენერალური დირექტორის ოთხი მოადგილე მართავს. 

WTO-ს სააპელაციო ორგანო, რომელიც მსოფლიო სავაჭრო უთანხმოების მოგვარების მთავარ ფორუმს წარმოადგენს, 2019 წლის დეკემბრიდან უფლებამოსილი არ არის განიხილოს ახალი სადავო საქმეები. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გასული ორი წლის განმავლობაში ვაკანსიაზე ნებისმიერი კანდიდატის განხილვაზე უარს აცხადებდა. 

3. ვინ შეარჩიეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებმა:

WTO-ს გენერალური საბჭოს თავმჯდომარემ შემდეგი გენერალური დირექტორის დასადასტურებლად შერჩევის პროცესი 2020 წლის ივნისში დაიწყო და 164 წევრთან კონფიდენციალური კონსულტაციები გამართა. ოქტომბრში კომიტეტმა განაცხადა, რომ ოკონჯო-ივეალას წევრ ქვეყნებს შორის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

4. ვინ არის ნგოზი ოკონჯო-ივეალა:

სხვადასხვა დროს ნიგერიის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა: ორჯერ გახდა ფინანსთა მინისტრი, ერთი ვადით ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ის აშშ-ს მოქალაქეა, რომელმაც განათლება ამერიკაში მიიღო.  ჰარვარდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ეკონომიკაში დოქტორის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო. მან 25 წელი იმუშავა მსოფლიო ბანკში და 2013 წელს მმართველ დირექტორად დასახელდა. 2020 წლის დეკემბრამდე Gavi-ს, ვაქცინების ალიანსის, თავმჯდომარე იყო. ეს გამოცდილება მას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გლობალურ ვაჭრობას ხელი შეუწყოს ვაქცინებისა და სხვა კრიტიკული საშუალებების განაწილებას Covid-19 პანდემიასთან საბრძოლველად.

5. ვინ უჭერს მხარს:

ოკონჯო-ივეალას მხარს უჭერს ყველა მსხვილი სავაჭრო ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, ჩინეთი და, არსებითად, შეერთებული შტატები. 5 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, თანახმაა მხარი დაუჭიროს ოკონჯო-ივეალას კანდიდატურას. რობერტ ლაითჰაიზერი, რომელიც ტრამპის დროს აშშ-ს წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ ოკონჯო-ივეალას ვაჭრობის გამოცდილება არ ჰქონდა. მართალია, ოკონჯო ივეალა არასდროს ყოფილა ვაჭრობის მინისტრი ან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დელეგატი, მაგრამ მან აწარმოა თავისი კამპანია გარედან, რათა დაემტკიცებინა, რომ მას ორგანიზაციის მართვა შეუძლია. 

6. რა არის შემდეგი ნაბიჯი: 

WTO-ს გენერალური საბჭოს თავმჯდომარე, დევიდ უოკერი, სავარაუდოდ, მოაწყობს შეხვედრას ჟენევაში, რათა წევრებმა საბოლოო გადაწყვეტილება განიხილონ. თუ ორგანიზაციის 164 წევრიდან არც ერთი წინააღმდეგი არ იქნება, ოკონჯო-ივეალა გენერალური დირექტორის პოსტზე  ოთხი წლის ვადით დაინიშნება.

7. როგორ ლიდერს ეძებდნენ ქვეყნები:

მთავრობები იმედოვნებენ, რომ შემდეგი გენერალური დირექტორი ორგანიზაციის  წევრებს რეფორმების საჭიროებაში დაარწმუნებს. სავაჭრო წარმომადგენლების განცხადებით, აზევედოს მემკვიდრეს უნდა ჰქონდეს საკმარისი უფლებამოსილება და ფართო მხარდაჭერა რეფორმების გასატარებლად. 

ოკონჯო-ივეალა პირობას დებს, რომ გენერალური დირექტორის პოზიციაზე უფრო აქტიური იქნება და სავაჭრო ორგანოს განსხვავებულ წევრებს შორის საერთო ენას გამოძებნის.

8. განსხვავებული მოსაზრებები:

WTO-ს გენერალურ დირექტორს აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ხიდის აგება უნდა შეეძლოს, რომელთა შორის მწვავე დაპირისპირებაა რიგ საკითხებზე, მათ შორის ტექნოლოგიასა და პანდემიაზე.  ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად უპირისპირდებოდა WTO-ს. ის ამბობდა, რომ ორგანიზაცია არღვევს ამერიკის სუვერენიტეტს და ჩინეთს საშუალებას აძლევს, გლობალური მასშტაბით გახდეს მსხვილი ეკონომიკური მოთამაშე აშშ-ს სამუშაო ადგილების და წარმოების ხარჯზე. ამავდროულად, ჩინეთი მრავალწლიან კამპანიას ეწევა დიპლომატიური გავლენის გაფართოების მიზნით,  გადაწყვეტილების მიმღებ საერთაშორისო ორგანიზაციებში ძირითადი გადაწყვეტილების მქონე პირთა დანიშვნის გზით. მცირე ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბაიდენის პირობებში ამერიკა-ჩინეთის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ საერთო საფრთხეების გადასაჭრელად ის იმუშავებს მოკავშირეებთან, როგორიცაა ევროკავშირი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაის ბასჩუკი