LIVE

ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე ნავთობი იაფდება

25 ივლ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 915
ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე ნავთობი იაფდება

ნავთობის ფასი კვირის დასაწყისში კვლავ შემცირდა. West Texas Intermediate-ი ბარელზე $94 დოლარს ჩამოსცდა მას შემდეგ, რაც პარასკევს მესამე ყოველკვირეული კლება განიცადა.

მოსალოდნელია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთის კიდევ ერთ დიდ ზრდას დაამტკიცებს. აშშ-ის ცენტრალური ბანკი მზარდ ინფლაციას ებრძვის და მოთხოვნაზე ზეწოლას აძლიერებს.

ნავთობის ბაზარი ბოლო დროს არასტაბილურობის ეპიზოდებს განიცდის, რაც მკვეთრი რყევებით და დაბალი ლიკვიდურობით ხასიათდება. ნედლი ნავთობის ფასი წელს დაახლოებით 25%-ით გაიზარდა, თუმცა ფიუჩერსებმა ზრდის უმეტესი ნაწილი, რომელიც თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა, დაკარგეს.

უკრაინაში შეჭრამ მომხმარებლები აიძულა შეემცირებინათ ან უარი ეთქვათ რუსულ ნავთობზე, რამაც ევროპაში საუდის არაბეთის და ერაყის ნავთობის ექსპორტის გაზრდა განაპირობა.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ბაზარი აშშ-ს სავარაუდო რეცესიის შიშების გამო ზეწოლას განიცდის, ვეტერანი საქონლით მოვაჭრე პიერ ანდურანდი ამბობს, რომ ნავთობზე მოთხოვნამ შესაძლოა, მოლოდინს გადააჭარბოს, მაშინაც კი, თუ გლობალური ეკონომიკა შენელდება. მისი თქმით, მოხმარების ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პანდემიური ჩაკეტვების გამო მნიშვნელოვნად ჩამორჩა, რასაც ნორმალურ დონეზე დაბრუნება უნდა მოჰყვეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო