LIVE

სერგეი ლავროვი უკრაინაში ომის ფონზე ეგვიპტეში ჩავიდა

24 ივლ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 883
სერგეი ლავროვი უკრაინაში ომის ფონზე ეგვიპტეში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს კაიროში ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა. რუსეთი ცდილობს დაარღვიოს დასავლეთის დიპლომატიური იზოლაცია და გვერდი აუაროს სანქციებს, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, RT-ის ცნობით, ლავროვი კაიროში შაბათს გვიან ჩავიდა. მისი მოგზაურობის პირველი ეტაპი ასევე მოიცავს ეთიოპიაში, უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიზიტებს.

რუსეთის მთავარი დიპლომატი პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის კაიროს პრეზიდენტის სასახლეში დღეს დილით შეხვდა. ლავროვმა მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუკრისთანაც.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში საშინელი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე, რამაც ნავთობისა და გაზის ფასები უპრეცედენტო დონემდე გაზარდა.

უკრაინა ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. რუსეთის შეჭრამ ქვეყანაში პორტების საზღვაო ბლოკადა გამოიწვია და გადაზიდვები შეაფერხა. უკრაინული მარცვლეულის ნაწილი ევროპაში სხვა გზებით გადის, მაგრამ ტრანსპორტირების უფრო მაღალი ხარჯებით.

ომმა ასევე შეაფერხა რუსული პროდუქციის მიწოდება, რადგან გადამზიდავ და სადაზღვევო კომპანიებს დასავლეთის სანქციებთან გამკლავება არ სურთ.

აფრიკის ქვეყნები იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ომის შედეგებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელზე ფასები სწრაფად გაიზარდა, ხოლო მილიარდობით დოლარის დახმარება ამჟამად ევროპის ომისგან დაზარალებულებისკენ არის მიმართული. ამან აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტურ ზონებში მილიონობით ადამიანი საკვებისა და სხვა დახმარების მზარდი დეფიციტის პირობებში დატოვა.

ეგვიპტე, არაბული სამყაროს ყველაზე დასახლებული ქვეყანა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მხარეების არჩევაზე უარს ამბობს. ქვეყანა ახლო კავშირებს ინარჩუნებს როგორც მოსკოვთან, ასევე დასავლეთთან. ეგვიპტე მსოფლიოში ხორბლის უმსხვილეს იმპორტიორებს შორისაა, მათი დიდი ნაწილი კი რუსეთიდან და უკრაინიდან შედის.

აღსანიშნავია, რომ ლავროვის ვიზიტი კაიროში მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ატომური ენერგიის კორპორაცია Rosatom-მა გასულ კვირას ეგვიპტეში ოთხ რეაქტორიანი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია