LIVE

რუსეთი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის დამატებით სივრცეს ისევ არ იყენებს

19 ივლ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
რუსეთი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის დამატებით სივრცეს ისევ არ იყენებს

მოსკოვმა უკრაინის მიერ შეთავაზებული გაზსადენის დამატებითი სივრცე კიდევ ერთხელ უარყო. ევროპელი მომხმარებლები გაურკვევლობაში რჩებიან, რადგან Nord Stream-ის მარშრუტის ნაკადების მომავალი ისევ არასაიმედო რჩება.

დღევანდელ ყოველთვიურ აუქციონზე, რუსეთის Gazprom-მა ევროპაში უკრაინის მილსადენებით გაზის ტრანსპორტირებისთვის დამატებითი სივრცე არ დაჯავშნა. ნაბიჯი კონტინენტზე მიწოდებას კიდევ უფრო შეაფერხებს. ამასთან, რჩება საფრთხე, რომ Nord Stream-ი ტექნიკური სამუშაოების შემდეგ მუშაობას სრულად არ განაახლებს.

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეზღუდვამ ბაზარზე არეულობა გამოიწვია. მიმდინარე წელს ევროპული საორიენტაციო ფიუჩერსების ღირებულება გაორმაგდა. გასულ კვირას გერმანიამ მარაგების გამოყენება დაიწყო, რომელსაც ზამთრისთვის ინახავდა, უნგრეთმა კი ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა Gazprom-ს გაზარდოს ნაკადები Sudzha-ს პუნქტის გავლით, რაზეც რუსეთი კვირების განმავლობაში უარს ამბობს. მეორე სასაზღვრო პუნქტმა, Sokhranovka-მ, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების გამო მუშაობა მაისში შეაჩერა.

რაც კიდევ უფრო უარესია, კიდევ ერთი ძირითადი სარეზერვო მარშრუტი Yamal-ევროპის მილსადენი, რომელიც ბელარუსსა და პოლონეთში გადის, შესაძლებლობას აღარ წარმოადგენს, რადგან მოსკოვმა პოლონური ნაწილის მფლობელი მაისში დაასანქცირა.

მიუხედავად იმისა, რომ Gazprom-ს უკრაინის მილსადენებზე დამატებითი სივრცის დაჯავშნა ყოველდღიურ აუქციონებზეც შეუძლია, ასეთი ნაბიჯი უჩვეულოა.

აღსანიშნავია, რომ რუსულ კომპანიას Sudzha-ს გავლით 77.2 მილიონი კუბური მეტრის მიწოდება შეუძლია, მაგრამ ნაკადებს კვირაში 42 მილიონ კუბურ მეტრზე ინარჩუნებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენა მაზნევა