LIVE

განაში "მარბურგის" მომაკვდინებელი ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

18 ივლ 202212:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1388
განაში "მარბურგის" მომაკვდინებელი ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა
GETTY IMAGES

განამ დაადასტურა მომაკვდინებელი "მარბურგის" ვირუსის პირველი ორი შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

ორივე პაციენტი, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, 98 ადამიანი, რომელიც საეჭვო კონტაქტად მიიჩნევა, ახლა კარანტინში იმყოფება.

"მარბურგის" ვირუსის მკურნალობის მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ექიმები აცხადებენ, რომ ბევრი წყლის დალევა და სიმპტომური მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის. 

ინფექციური დაავადების გამომწვევი "მარბურგის" ვირუსი მიეკუთვნება "ებოლას" გამომწვევი ვირუსის ოჯახს. ის ადამიანებს ხილიჭამია ღამურებიდან გადაეცემა და ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით ვრცელდება. 

"მარბურგის" ვირუსი მწვავე, ხშირად მომაკვდინებელი დაავადებაა და ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისხლიანი ღებინება და სისხლდენა. 

ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ გამოქვაბულებს და ხორცპროდუქტები მიღებამდე საფუძვლიანად მოამზადონ. 

ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში 1967 წელს დააფიქსირეს, რასაც მას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. 

WHO-ს თანახმად, აფრიკაში წინა აფეთქებები და სპორადული შემთხვევები დაფიქსირდა ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კენიაში, სამხრეთ აფრიკასა და უგანდაში. 2005 წელს ვირუსმა ანგოლაში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.