LIVE

2017-2021 წლებში სოციალური შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა - PMC

16 ივლ 202219:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 901
2017-2021 წლებში სოციალური შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა - PMC

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2017-2021 წლებში, საქართველოში, სიღარიბის აბსოლუტურ და ფარდობით ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა. PMC-ის მიმოხილვის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, სოციალურ შემწეობას საქართველოს მოსახლეობის 15.8% იღებდა.

„სავარაუდოა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდის შედეგად, ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც შემწეობის მიღებით დაუგროვდათ საკმარისი შემოსავალი და ხარჯები სიღარიბის აბსოლუტური ზღვარის გადასალახად გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებლებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აბსოლუტური სიღარიბის უფრო ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად, შესაძლოა, საჭირო იყოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვა“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

სიღარიბის დონეს ქვეყნები განსხვავებული მეთოდოლოგიით განსაზღვრავენ. საერთაშორისო დონეზე საქართველოს მდგომარეობის უკეთ წარმოსაჩენად, PMC-იმ ის ინდიკატორები მიმოიხილა, რომლებიც უკავშირდება სიღარიბეს და განსაზღვრავენ მის ხარისხს.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

2021 წელს, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 5,015 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიოში 126-ე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (EaP) შორის მე-4 ადგილია.

ადამიანური კაპიტალის ინდექსი

აღნიშნული ინდექსი აფასებს ჯანმრთელობისა და განათლების წვლილს მშრომელთა პროდუქტიულობაში. ადამიანური კაპიტალის ინდექსის მიხედვით, 2020 წელს, საქართველო 0.57 ქულით, 174 ქვეყნიდან 85-ე და EaP ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე იყო.

მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი

ეს ინდექსი სიღარიბის ისეთ ფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: ჯანდაცვაზე და განათლებაზე არასაკმარისი წვდომა, დაბალი ცხოვრების დონე, მუშაობის დაბალი ხარისხი და ძალადობის საფრთხე. 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის 3.8% მრავალგანზომილებიან სიღარიბეში იმყოფებოდა, რაც 120 ქვეყნიდან 57-ე, ხოლო EaP ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ჯინის ინდექსი

ჯინის ინდექსი საზოგადოებაში შემოსავლების განაწილებას ზომავს. 2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი 36.7-ს შეადგენდა, რაც 165 ქვეყნიდან 76-ე, ხოლო EaP ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი უთანასწორობის მაჩვენებელია.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 

2021 წელს საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 71.4 წელი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიოში 101-ე და EaP ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს ვიკავებთ.

„ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე საქართველო არის ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა, რომელიც ხასიათდება უთანასწორობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზომიერი მაჩვენებლებით. არასაკმარისი ხარისხის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გამო, საქართველო ვერ ახერხებს ადამიანური კაპიტალის მობილიზებას ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალი დონის მისაღწევად“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

PMC-ის თანახმად, 2017-დან 2019 წლამდე შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები 1,182 ლარიდან 1,360 ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს, COVID-19 კრიზისის შედეგად კი, ნომინალური შემოსავალი, 2019 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება 2021 წელს, იმის გათვალისწინებით, რომ შარშან, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა შინამეურნეობის ნომინალური შემოსავლებმა 13%-ით მოიმატა.  

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია შინამეურნეობების საშუალო შემოსავლების ინფლაციის გათვალისწინებით გაანალიზება. ანალიზისას ჩანს, რომ საშუალო რეალური შემოსავალი, საშუალო ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში 1,182 ლარიდან 1,096 ლარამდე შემცირდა. 2021 წელს მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, თუმცა 2019 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლები რჩება“, - აცხადებენ PMC-ში.

მიმოხილვის თანახმად, 2017-2020 წლებში, იმ მოსახლეობის წილი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდნენ და დღიური შემოსავლის სახით 1.9 დოლარის ექვივალენტ ლარს იღებდნენ, 5%-დან 4.2%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, მოსახლეობის წილი, რომლის ყოველდღიური შემოსავალი 3.2 დოლარზე ნაკლები იყო, 16.1%-დან 17%-მდე გაიზარდა, $5.5-ის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილმა კი 43%-დან 46.6%-მდე მოიმატა.