LIVE

ევროკავშირი ზოგიერთი რუსისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს - Bloomberg

14 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 707
ევროკავშირი ზოგიერთი რუსისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს - Bloomberg
Bloomberg

ევროკავშირი უკრაინაში კრემლის ომთან დაკავშირებული ზოგიერთი რუსისთვის სანქციების გაუქმებას განიხილავს, რადგან ბლოკის იურისტებმა დაადგინეს, რომ შეზღუდვების საფუძველი საკმარისად მყარი არ არის. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს.  

მათი თქმით, დაახლოებით 30-მა პირმა მიმართა სასამართლოს და სანქციების სიიდან ამოღება მოითხოვა. დაახლოებით 10-მა ადამიანმა შეზღუდვებისგან გათავისუფლება პირდაპირ ევროკავშირს სთხოვა. 

ევროპის საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა ევროკავშირის ელჩებს გუშინ აცნობა, რომ ზოგიერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რადგან სანქცირებული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მტკიცებულებები, რომლებსაც სანქციები ემყარება იყო სუსტი, ძველი ან არასწორი. წყაროს არ დაუკონკრეტებია რამდენ შემთხვევაში აღმოჩნდა არასაკმარისი საფუძველი ან კონკრეტულად ვის შეიძლება მოეხსნას სანქციები. 

მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი იქნება ძალიან მიზერული იმასთან შედარებით, რა ოდენობის ადამიანსაც შეზღუდვები შეეხო. ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ასობით ადამიანს, მათ შორის ათობით მაგნატს, ბიზნესმენს, პოლიტიკოსსა და სამხედრო ოფიციალურ პირებს.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ანდრეი მელნიჩენკო და მისი მეუღლე ალექსანდრა არიან მათ შორის, ვინც, იურისტების მეშვეობით, მიმართეს ევროკავშირს და სთხოვეს მათი სანქციებისთვის გადაეხედათ. მათ დაასახელეს რიგი ფაქტები, რის გამოც, მათი რწმენით, სანქცირებულთა სიაში უსამართლოდ მოხვდნენ, მათ შორისაა რუსეთის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო მოკავშირეობა. მელნიჩენკო გლობალური სასუქების კომპანია EuroChem Group-ის დამფუძნებელია. 

წყაროს ცნობით, ევროკავშირს გადაწყვეტილების გადასახედად ასევე მიმართეს ფოლადის მაგნატმა ალექსეი მორდაშოვმა და ლითონის მაგნატმა ალიშერ უსმანოვმა.

ევროკავშირი მომავალ კვირას სანქციების ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს. ახალი პაკეტით, რომელიც, სავარაუდოდ, ოქრო ექსპორტის აკრძალვას და ზომების გამკაცრებას გულისხმობს, სანქციების სია ფართოვდება და დამატებით 50-მდე ადამიანს და სუბიექტს მოიცავს.

ფიზიკურ პირებზე დაწესებული სანქციების გაუქმებას წევრი ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება და ზოგიერთი დიპლომატს მოუწოდეს, რომ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. 

საერთო ჯამში, ბლოკის სასამართლოში შეტანილია 41 საჩივარი სანქციებთან მიმართებით, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებსა და სექტორულ შეზღუდვებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია