LIVE

ევროს შესუსტების ფონზე ECB-მ მონეტარული პოლიტიკა უნდა გაამკაცროს

20 ივლ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
ევროს შესუსტების ფონზე ECB-მ მონეტარული პოლიტიკა უნდა გაამკაცროს

დოლართან პარიტეტის დარღვევის ფონზე, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის (ECB) ევროს სისუსტე პრობლემა სწრაფად ხდება.

პარიტეტის დარღვევა განპირობებულია როგორც ევროპის ეკონომიკური პერსპექტივის გამო შეშფოთებით, ასევე ინვესტორების განწყობით, რომლებიც დოლარში თავშესაფარს ეძებენ. შესაბამისად, საჭიროა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე თვის ბოლოს სიტუაციას რეფინანსირების განაკვეთის დაგეგმილზე მეტი ზრდით უპასუხოს.

აშკარა საფრთხე, რომ რუსეთი ენერგიის მიწოდებას შეწყვეტს, რაც ეკონომიკურ არეულობას გამოიწვევს, ევროზონის საერთო ვალუტისგან ინვესტორების დისტანცირებას იწვევს. კიტ ჯუკესი, Societe Generale-ის ვალუტის მთავარი ანალიტიკოსი, თვლის, რომ ევრო "შესყიდვადი არ არის". ჯუკესი ასევე ხედავს პოტენციალს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ევრო დოლართან მიმართებით 90 ცენტამდე შემცირდეს.

გასული ათწლეულის ტენდენციებისგან განსხვავებით, სუსტი ევრო ამჯერად ეკონომიკას ზიანს მიაყენებს. იმის ნაცვლად, რომ ვალუტის ამჟამინდელი გაიაფება ექსპორტის ბუმს იწვევდეს, ის უფრო მეტად უწყობს ხელს ინფლაციას. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ეგზისტენციალური კრიზისი ევროს სტრუქტურასთან დაკავშირებით, რადგან ბლოკის წევრი ქვეყნები საერთო პრობლემის წინაშე დგანან.

ვალუტის ვარდნამ უნდა დაარწმუნოს ECB-ი, რომ სესხის აღების ხარჯები იმაზე სწრაფად გაზარდოს, ვიდრე ამჟამად მოლოდინი არსებობს და განაკვეთის სხვაობა სხვა ძირითად გლობალურ ვალუტებთან მიმართებაში გაათანაბროს. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით გაზარდა და პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებისთვის მზად არის. 50-ზე მეტმა ქვეყანამ ოფიციალური განაკვეთები მიმდინარე წელს სულ მცირე 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. თუმცა, ECB-ის ჯერ კიდევ არ დაუწყია მოქმედება. ბანკის ოფიციალური სადეპოზიტო განაკვეთი ჯერ კიდევ უარყოფითია, რაც შეიძლება პოლიტიკის სერიოზული შეცდომა აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ევრო უფრო სუსტია, ვიდე მსოფლიოს ყველა ძირითადი ვალუტა.

ECB-ის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ამტკიცებს, რომ პოლიტიკის შემქმნელები განაკვეთის ზრდას ათწლეულის განმავლობაში პირველად, მომდევნო შეხვედრაზე დაიწყებენ, მაგრამ მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით. შემდგომი ზრდა სექტემბერში იქნება და საბოლოოდ 8 წლიანი ნეგატიური განაკვეთების სერია ამით დასრულდება. თუმცა, ეს ტემპი შესაძლოა, ზედმეტად ნელი აღმოჩნდეს ზაფხულში სუსტი ვალუტისგან თავის ასარიდებლად.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა გასულ კვირას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მთლიანად შეწყვეტს ევროპისთვის გაზის მიწოდებას. ECB-მ უნდა მიიღოს ზომები ევროს დასაცავად, რადგან თანმხლები სავალუტო კრიზისის ფონზე ეკონომიკა მხოლოდ დასუსტდება და ვარდნა გაძლიერდება. პოლიტიკის შემქმნელებმა დეპოზიტის ოფიციალური განაკვეთი 21 ივლისამდე 50 საბაზისო პუნქტით, 0-მდე უნდა აწიონ, რათა გაგრძელდეს სვლა პოზიტიური ტერიტორიისკენ. დასაკარგი დრო არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკუს აშვორტი