LIVE

ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზი კვლავ ზარალზეა

13 ივლ 202216:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 1282
ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზი კვლავ ზარალზეა

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ 2021 წელი 5 019 000 ლარის ზარალით დაასრულა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის მმართველმა კომპანიამ გასულ წელს სახელმწიფოსგან 4 350 000 ლარის სუბსიდია მიიღო, რაც 2020 წელს გაცემულ სუბსიდიას აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს „ბლექ სი არენა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარით დასუბსიდირდა, მიღებულმა ზარალმა კი 4 574 000 ლარი შეადგინა.

„ბლექ სი არენა“ 2019 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ირიცხება და მისი შემოსავლის 97% სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიისგან შედგება.

იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს კონცერტი არ ჩატარებულა, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ 109 ადამიანს ასაქმებდა და შრომის ანაზღაურებაზე 2 401 000 ლარი დაიხარჯა.

2017-2021 წლებში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიაზე“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 38 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია გაიცა.

სახელმწიფო სუბსიდია წლების მიხედვით:

  • 2017 წელი - 11 945 000 ლარი;
  • 2018 წელი - 7 756 000 ლარი;
  • 2019 წელი - 10 400 000 ლარი;
  • 2020 წელი - 4 000 000 ლარი;
  • 2021 წელი - 4 350 000 ლარი.

ამასთან, 2017-2021 წლებში მიღებული ზარალი 23 მილიონ ლარს აჭარბებს.

ზარალი წლების მიხედვით: 

  • 2017 - 7 077 029 ლარი;
  • 2018 - 4 349 000 ლარი;
  • 2019 - 2 218 000 ლარი;
  • 2020 - 4 574 000 ლარი;
  • 2021 - 5 019 000 ლარი.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა. თავდაპირველად, შპს „ბლექ სი არენა“ ივანიშვილის პანამური ოფშორის, Limestone Finance-ის საკუთრებაში იყო, თუმცა 2016 წელს „ქართუ ფონდმა“ ობიექტის 100%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა საჩუქრის სახით.