LIVE

რა შეცდომები დავუშვით და როგორ მოვემზადოთ შემდეგი პანდემიისთვის

19 თებ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
რა შეცდომები დავუშვით და როგორ მოვემზადოთ შემდეგი პანდემიისთვის
BOOK JACKSON FOR BLOOMBERG BUSINESSWEEK

2017 წლის იანვარში Biomedical Advanced Research and Development Authority (BARDA) -მ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის შემადგენელი ნაწილია, 112-გვერდიანი დოკუმენტი შეიმუშავა.  დოკუმენტი სამომავლო პანდემიების შეკავების სტრატეგიას აღწერდა. ათწლიანი გეგმა 180 მეცნიერის, ექიმისა და სფეროს სხვა ექსპერტის ჩართულობას ითვალისწინებდა, რომლის საერთო ხარჯი 595 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. 

2006 წელს კონგრესმა BARDA ბიოტერორიზმთან და ქიმიურ ომებთან, ასევე გრიპის პანდემიასთან და სხვა ახალ ინფექციებთან გასამკლავებლად მედიკამენტების განვითარებისა და შესყიდვისთვის შექმნა. 

დასახული მიზნის მისაღწევად სააგენტომ GlaxoSmithKline-ის წინადადება, რომელის მიხედვით მეცნიერებს ყველა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა შეექმნათ, საუკეთესოდ მიიჩნია და დაფინანსებისთვის წარადგინა. სამწუხაროდ, პროექტმა დაფინანსება ვერ მიიღო, რამაც მსოფლიო ახალი ვირუსების, მათ შორის კოვიდ 19-ის, საწინააღმდეგო ძირითადი იარაღის გარეშე დატოვა. 

ამის შემდეგ მორიგი კრახი 2018 წელს, თეთრი სახლის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს პანდემიაზე რეაგირების დანაყოფის გაუქმება იყო, რასაც თან დაერთო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უუნარობა, შეექმნათ ფართო გამოყენების კოვიდ-ტესტი. 

2019 წლის ბოლოს ყოველმა ინფექციონისტმა იცოდა, რომ რაღაც ახალი ეპიდემია გვიახლოვდებოდა და რომ ეს არ იქნებოდა უკანასკნელი პანდემია. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში SARS-CoV-2-ს ახალი პანდემია ჩაანაცვლებს, მაგრამ სათანადო მომზადების პირობებში, პანდემიები არ იქნება ისეთი რთული, როგორიც მიმდინარეა. 

ინაუგურაციამდე ჯო ბაიდენი ვაქცინაციისთვის 20 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფით გამოვიდა, რაც კარგი ინიციატივაა, თუმცა მას სრულფასოვანი გეგმა სჭირდება - გეგმა, რომელმაც აშშ მასობრივი სიკვდილიანობისგან, ეკონომიკური კატასტროფისგან და ლიდერების მიმართ საზოგადოებრივი გულისწყრომისგან დაიცვას. ეს კი, სულ მცირე, ხუთ პუნქტს მოიცავს, რასაც საგულდაგულოდ მომზადება სჭირდება:

1. პათოგენებზე დაკვირვება

შეუძლებელია ახალი დაავადებების შეჩერება, რადგან ცხოველების სიახლოვეს უამრავი ადამიანი ცხოვრობს და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაც ხშირია. მხოლოდ 21-ე საუკუნეში კაცობრიობამ ისეთი ეპიდაფეთქებები გამოიარა, როგორებიცაა SARS (2003), H1N1 (2009), MERS (2012), Ebola (2014) და ახლა ახალი კორონავირუსი. სამყაროს წინაშე მდგარი საფრთხე კვლავაც საკმაოდ მაღალია, ვირუსოლოგების ამოცანა კი მათი პრევენციაა.

ნიუ იორკის EcoHealth Alliance-ის ვეტერანი ვირუსოლოგის Peter Daszak-ის თქმით, მოსალოდნელ ვირუსებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ტერორისტულ ქსელს: თვალყური ვადევნოთ და იქამდე შევაკავოთ, სანამ თავს დაგვესხმებიან. თუ უკეთ გავიცნობთ პათოგენებს, შევძლებთ განვსაზღვროთ, რომელ მათგანს აქვს ეპიდაფეთქების ძალა.

მაგალითად, გასული წლის თებერვლის ბოლოს რიგ ქვეყნებს მკაცრი შეზღუდვები დროულად რომ დაეწესებინათ, იქამდე, სანამ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთებოდა, ათობით ათასი სიცოცხლის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი. ეპიდემიის პროგნოზირების ცენტრი კი, რის გახსნასაც, მაგალითად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, საფრთხეების წინასწარ განსაზღვრას ხელს შუწყობდა.

2. ჯანმოს მომზადება და გაფართოება

პანდემიის დაკვირვება და მასზე რეაგირება გლობალური გამოწვევაა, რაც სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ჩართულობას გულისხმობს. ამ დაავადებასთან ბრძოლის მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციას WHO წარმოადგენს. ორგანიზაციაში სტრუქტურული ლაფსუსები პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მას აშშ და სხვა ქვეყნები ჩინეთის მიმართ გადაჭარბებულ ლმობიერებასა და გლობალური პანდემიის დაგვიანებული გამოცხადებისთვის მკაცრად აკრიტიკებენ. 

ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, საფრთხის არსებობის პირველივე ეტაპზე WHO-ს ინფორმაცია გამჭვირვალედ მიაწოდონ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე პანდემიის პირობებში, ლიდერებს საკუთარი ეკონომიკისა და პოლიტიკური გავლენების დაზიანებაც არ სურთ, რის გამოც, მონაცემების გაცემას აგვიანებენ, როგორც ეს ჩინეთის შემთხვევაში მოხდა.

ბაიდენის განცხადებით, აშშ კვლავ შეუერთდება ჯანმოს. ეს გარკვეულწილად ორგანიზაციას გააძლოერებს. მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭიროა ახალი კოალიცია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, გარეული ცხოველების ე.წ. “სველ ბაზრებსაც” გაუწევს მეთვალყურეობას. გარდა ამისა, საჭიროა, მეტი პროფესიონალის გადამზადება იმისათვის, რომ აფეთქების შემთხვევაში, ადგილზე მყისიერი რეაგირება მოხდეს.

3. გენომის სექვენსირების მეთოდით მუშაობა

ადამიანებში კონტაქტების დადგენა და ვირუსის კვალის შესწავლა ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. მისგან განსხვავებით, გენომის სექვენსირება საშუალებას გვაძლევს ვირუსის გავრცელებას თვალი მოლეკულური სიზუსტით მივადევნოთ. ვირუსის ინტენსიური თანმიმდევრობა პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, თუ როგორ ვრცელდება ესა თუ ის შტამი საზოგადოებაში, მაგალითად, სკოლაში და რამდენად შესაძლებელია, რომ ამ შტამმა მუტაცია განიცადოს და არსებული ვაქცინის მიმართ რეზისტენტული გახდეს. 

ამ მეთოდით მოპოვებული ინფორმაცია კი კონტაქტების მკვლევარებს არა მხოლოდ პათოგენის კვალს უჩვენებს, არამედ მუტაციის მასშტაბური შესწავლის საშუალებასაც აძლევს.

 4. მეტი ვაქცინის უფრო სწრაფი წარმოება მიმდინარე პანდემიის დროს ვაქცინა ყველაზე წარმატებულ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ. დღესდღეობით, აშშ-ს ბაზარზე ორი მაღალეფექტიანი ალტერნატივაა. იმის მიუხედავად, რომ გაუმჯობესების აშკარა შესაძლებლობა სახეზეა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გვჭირდება სტრატეგია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედების შესაძლებლობას მოგვცემს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელს უწყობენ ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც, თავის მხრივ, ებრძვიან ცილას, რომლითაც ვირუსი უჯრედებში შეღწევას ცდილობს. ამის ნაცვლად, მკვლევარებს შეუძლიათ შექმნან ისეთი ინექცია, რომელიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას მოამზადებს იმისთვის, რომ მან ერთდროულად სხვადასხვა კორონავირუსისგან დაცვა შეძლოს. 

5. დისტიბუციისა და ლოჯისტიკის გაუმჯობესება

მოსახლეობის ტესტირება და ვაქცინაციის უზრუნველყოფა მარტივი არ არის და კომპლექსურ ლოჯისტიკურ დაგეგმარებას მოითხოვს. ამისათვის კი მხოლოდ სამედიცინო ინვენტარის ეფექტური მართვა არ კმარა. ასევე საჭიროა, პაციენტების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებისა და ტესტირების აღრიცხვა, რაც ხშირად, გაუმართავი კომპიუტერული სისტემების გამო, ფერხდება. 

იმის არცოდნა, თუ სად მძინვარებს ეპიდაფეთქება, ართულებს მარაგის მიწოდების პროცესს. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ექსპერტის, ჯული სვანის თქმით, “ბრმად დავდივართ”, რადგან სახელმწიფო მონაცემთა ბაზებს “მეტი ინტეგრაცია სჭირდება”.

მართალია, არაერთ ექსპერტს უსაუბრია მოსალოდნელი პანდემიის შესახებ გასულ წლებში, მაგრამ მთავრობებს თანმდევი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. როგორც ჩანს, პოლიტიკოსებს პრევენციას მიმდინარე ეპიდემიასთან ბრძოლა ურჩევნიათ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლენგრეტი