LIVE

მაიმუნის ყვავილის ვაქცინაზე დიდი მოთხოვნის გამო, აშშ-ში ვაქცინაციის საიტი გაითიშა

13 ივლ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 498
მაიმუნის ყვავილის ვაქცინაზე დიდი მოთხოვნის გამო, აშშ-ში ვაქცინაციის საიტი გაითიშა
Joe Raedle/Getty Images

ნიუ-იორკში მაიმუნის ყვავილის ვაქცინის მსურველთა დიდი რიცხვის გამო, რეგისტრაციისთვის განკუთვნილი საიტი გაითიშა. ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჰიგიენის დეპარტამენტის მიერ თავისუფალი ადგილების გამოქვეყნებიდან 30 წუთში, საიტი მიუწვდომელი გახდა. 

დეპარტამენტის განცხადებით, ვაქცინაციისთვის განკუთვნილი 1250 ადგილი სრულად დაიჯავშნა. დამატებით გამოიყოფა ამავე ოდენობის დოზები მაღალი რისკის მქონე ნიუ-იორკელებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას პროვაიდერებისგან პირდაპირი მიმართვის საშუალებით შეძლებენ. 

ასევე 620 დოზა პირდაპირ გადაეცემა ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულ ადამიანებს, რომლებსაც მაიმუნის ყვავილის სავარაუდო ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ ხელმისაწვდომია 56,000 დოზა ვაქცინა, საიდანაც 6000-მდე ერგო ქალაქ ნიუ-იორკის მოსახლეობას. იმუნიზაციისთვის გამოიყენება Bavarian Nordic-ის ვაქცინა JYNNEOS. ადამიანი ითვლება მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულად ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ, რომელთა შორის საჭიროა დაახლოებით ოთხი კვირის ინტერვალის დაცვა.

ოფიციალური მონაცემებით, ქალაქ ნიუ-იორკში მაიმუნის ყვავილის 223 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რაც ქვეყნის შემთხვევების მეოთხედს შეადგენს. ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ტესტირების შეზღუდვის გამო, ეს რიცხვი შესაძლოა არ ასახავდეს შემთხვევების ზუსტ ოდენობას. 

მიმდინარე კვირის ბოლოს, ნიუ-იორკი აშშ-ის მთავრობისგან დამატებით 14,500 დოზას ელის. ვაქცინები ქვეყანაში შემთხვევების რიცხვის მიხედვით, პროპორციულად ნაწილდება. 

WHO-ს თანახმად, 12 ივლისის მონაცემებით, 63 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილი 9200 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დადასტურდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კერინგტონ იორკი და მედისონ მიულერი