LIVE

პუტინი მომავალ კვირას ირანს ეწვევა

12 ივლ 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 947
პუტინი მომავალ კვირას ირანს ეწვევა
Mikhail Klimentyev/AFP/Getty Images

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ირანს ეწვევა. ამის შესახებ კრემლმა დღეს მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-მა თქვა, რომ აქვს ინფორმაცია თეირანის მიერ მოსკოვისთვის უკრაინაში საბრძოლველად დრონების შესაძლო მიწოდების შესახებ.  

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მომავალ სამშაბათს თეირანში ყოფნისას პუტინი ე.წ. ასტანას შეხვედრების ფორმატში დაესწრება სამმხრივ შეხვედრას ირანისა და თურქეთის ლიდერებთან.

პუტინის ირანში ვიზიტი მოსდევს მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელსა და საუდის არაბეთში დაგეგმილ ვიზიტებს, სადაც განხილვის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იქნება.

პესკოვმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ თეირანში ვიზიტისას პუტინი გეგმავს ცალკე შეხვდეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

მარტში ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს სტამბოლში შეხვედრაში დაეხმარა. პესკოვის თქმით, მსგავსი მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე საუბარი არ ყოფილა.

თეთრმა სახლმა გუშინ განაცხადა, რომ, მისი რწმენით, რუსეთი ირანს ასობით დრონს სთხოვს. მათ შორის იგულისხმება დრონები, რომლებსაც საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია. 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, გაურკვეველია მიაწოდა თუ არა ირანმა რუსეთს ტექნიკა, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ ირანი ემზადება რუსული ძალების გადასამზადებლად ამ თვეში, რათა მათ ტექნიკის გამოყენება შეძლონ. 

"ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ირანის მთავრობა ემზადება მიაწოდოს რუსეთს რამდენიმე ასეულამდე UAV (უპილოტო საფრენი აპარატი), მათ შორის იარაღის მტვირთავი უპილოტო საფრენი აპარატები", - განუცხადა სალივანმა გუშინ ჟურნალისტებს.

ირანს სალივანის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანი დიდი ხანია მუშაობს დრონების განვითარებაზე, მათ შორის, ე.წ. "კამიკაძე" დრონებზე, რომელიც ჰგავს Switchblade-ს, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა.

თეირანში, ირანის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა მოჰამედრეზ პურებრაჰიმიმ მედიას განუცხადა, რომ პუტინის ვიზიტის მიზანია სანქციებით დაზარალებულ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები გააუმჯობესოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია