LIVE

რუსეთი სჯის ექსპატრიანტებს, რომლებიც სოციალურ მედიაში უკრაინაში რუსეთის ომს აკრიტიკებენ

11 ივლ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
რუსეთი სჯის ექსპატრიანტებს, რომლებიც სოციალურ მედიაში უკრაინაში რუსეთის ომს აკრიტიკებენ

ცნობილი YouTube-ერი, მაიკლ ნაკე, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს, იხსენებს, რომ მაისის ერთ საღამოს ტელეფონით მიიღო უამრავი ტექსტური შეტყობინება, სადაც ეკითხებოდნენ, იყო თუ არა "უცხო ქვეყნის აგენტი". 

მეგობრებმა და ოჯახმა მისი სახელი აღმოაჩინეს ახალ ამბებში. მედია წერდა, რომ წარმოშობით რუს ნაკეს ბრალად ედებოდა უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. 

ბრალდება უკავშირდებოდა მარტში ზაპოროჟიეში უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სავარაუდო თავდასხმას, რასაც კრემლი უარყოფს. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაკეს ბრალი წაუყენეს რუსეთის ახალი კანონის მიხედვით, რომელიც კრძალავს უკრაინაში სამხედრო ოპერაციების კრიტიკას. რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

"ეს ისტორიაში ყველაზე სულელური კანონია. თუ რაიმეს იტყვი იმაზე, რომ სამხედროები დამნაშავეები არიან, თქვენს განადგურებას შეეცდებიან", - ამბობს ნაკე.

Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული ინტერვიუებისა და რუსული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ნაკე ერთ-ერთია იმ რუსული წარმომავლობის სოციალური მედიის ინფლუენსერებს შორის, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვი ცდილობს დააწესოს ცენზურა სისხლის სამართლის ბრალდებებისა და ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლის გზით.

რუსეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრები კრიტიკული ემიგრანტების გაჩუმების მცდელობა ემთხვევა ქვეყნის შიგნით განსხვავებული აზრის კიდევ უფრო მასშტაბურ დევნას.

რუსეთის უფლებადამცველი ჯგუფის OVD-Info-ს ცნობით, რუსეთში დააკავეს 16,300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ომს აპროტესტებდა. მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შორისაა ომის საწინააღმდეგო ბროშურების განთავსება და ტრაფარეტების გამოყენება, რომლებზეც რუსულად სიტყვა "მშვიდობა" ეწერა. 

ადვოკატ სტანისლავ სელეზნევის თქმით, მოსკოვი უკვე იყენებს მარტში მიღებულ კანონს ყალბი ამბების შესახებ, რათა ჩაახშოს დამოუკიდებელი ხმები სოციალური მედიის პლატფორმებზე, სადაც ბევრი ახალგაზრდა ეცნობა ამბებს.

ნაკეს გარდა, რუსეთმა ბრალი წაუყენა კიდევ რამდენიმე ექსპატრიანტს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ომს სოციალურ მედიაში. მაგალითად, ჟურნალისტ იზაბელა ევლოევას, რომელიც ცხოვრობს ლატვიაში, მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მან მარტში Telegram-ის საკუთარ არხზე დაწერა, რომ "Z" ნიშანი იყო "აგრესიის, სიკვდილის, ტკივილისა და უსირცხვილო მანიპულაციის სინონიმი. 

ვიოლეტა გრუდინა, კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, რომელმაც რუსეთი 2021 წელს დატოვა, ივნისში დაადანაშაულეს სოციალურ მედიაში შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. იმავე ბრალდებით მარტში დაუსწრებლად დააკავეს ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი, რომლის თითოეულ ვიდეოს YouTube საშუალოდ 2,5 მილიონამდე ნახვა აქვს.

სხვა ემიგრანტებს, რომლებსაც ბრალი წაუყენეს ყალბი ამბების კანონით, არიან მწერალი დიმიტრი გლუხოვსკი, ინფლუენსერი ვერონიკა ბელოცერკოვსკაია და ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი.

სოლდატოვი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ბრალდებული იყო, როდესაც მიიღო შეტყობინებები იმ ბანკებიდან, სადაც მას ანგარიშები ჰქონდა გახსნილი. მოგვიანებით მან გაიგო, რომ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა YouTube-ზე "რუსეთის ეროვნული გვარდიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებისთვის".

სოლდატოვმა სხვა ჟურნალისტის YouTube არხზე ცოტა ხნის წინ გააკრიტიკა უკრაინის შეჭრის ადრეულ ეტაპებზე რუსი სამხედროების ეფექტიანობა. თუმცა, ის თვლის, რომ მას აკვირდებოდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე (FSB) კრიტიკული რეპორტაჟისთვის და მისი ინტერვიუ საბაბად გამოიყენეს. 

"ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ მოსკოვშია, 70 წლის მამაჩემზე გამოძიება მიმდინარეობს. მათ მოიპარეს ჩემი ფული და მე ფრთხილად უნდა ვიყო იმასთან დაკავშირებით თუ სად მივდივარ", - ამბობს სოლდატოვი. 

სოლდატოვს ადვოკატმა ურჩია, რომ არ გაემგზავროს სერბეთში, უნგრეთში, თურქეთში ან საქართველოში. მის საქმეს უახლოეს კვირებში განიხილავენ, მაგრამ ვარაუდობს, რომ მას დამნაშავედ გამოაცხადებენ. 

სპეციალისტების თქმით, რუსეთის ცენზურის სააგენტო როსკომნადზორი იყენებს ალგორითმებს და გამომძიებლებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე გაზიარებული კომენტარების გამოსაკვლევად, რათა აღმოაჩინოს უკანონო შინაარსი. რუსებს, რომლებსაც დაუსწრებლად ბრალი ედებათ ყალბი ამბების კანონით, გადადიან საერთაშორისოდ ძებნილთა სიაში და ხშირად ართმევენ ქონებას რუსეთში.

სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტმა მიხეილ პეტროვმა მარტის პირველ კვირას დაჯავშნა რუსეთიდან წასასვლელი ბილეთი. 23 წლის ახალგაზრდას ბევრი მიმდევარი ჰყავს TikTok-სა და Instagram-ზე. მან ახლახან ატვირთა კლიპი, რომელიც უკრაინაში ომს მეორე მსოფლიო ომს ადარებდა. ვიდეომ თითქმის ერთი მილიონი ნახვა დააგროვა და პეტროვი დაპატიმრების საფრთხის წინაშე დადგა. ის ახლა თბილისში, საქართველოში, Instagram-ის გამომწერის სახლში ცხოვრობს.

 Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარგი მერფი და მედის კაბაში