LIVE

Twitter-მა მასკთან სასამართლო დავისთვის გუნდი დაიქირავა

11 ივლ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
Twitter-მა მასკთან სასამართლო დავისთვის გუნდი დაიქირავა

Twitter-მა შერწყმის გარიგებების სამართლის მძიმეწონოსანი ფირმა Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ი დაიქირავა. კომპანია ცდილობს, მასკს $44 მილიარდიანი გარიგების შეწყვეტის გამო უჩივლოს.

სოციალური მედიის კომპანია სარჩელის შეტანას მიმდინარე კვირის დასაწყისში გეგმავს. Wachtell-ის აყვანით, მას წვდომა ექნება ადვოკატებთან, მათ შორის ბილ სავირთან და ლეო სტრაინთან, რომლებიც დელავერის სასამართლოში კანცლერის თანამდებობაზე მუშაობდნენ, სადაც საქმე განიხილება.

მასკმა Quinn Emanuel Urquhart & Sullivan დაიქირავა. ფირმამ მასკი 2019 წელს ცილისწამების საქმეში წარმატებით დაიცვა და ასევე წარმოადგენს მას მიმდინარე სარჩელში 2018 წელს Tesla-ს კერძო კომპანიად გადაქცევის შესახებ.

დელავერის შტატი აშშ-ის საჯარო კომპანიების, მათ შორის Fortune 500-ის ფირმების 60%-ზე მეტის და Twitter-ის კორპორაციული სახლია. აქ კანცლერი მოსამართლეები, ბიზნეს სამართლის ექსპერტები განიხილავენ საქმეებს ნაფიც მსაჯულთა გარეშე, თუმცა მათ არ შეუძლიათ სადამსჯელო ზიანის მინიჭება. შერწყმის გარიგებების წინა საქმეებიდან გამომდინარე, გარიგების შეწყვეტის მცდელობები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ხშირად შეთანხმებით მთავრდება, რათა შემდგომი დაპირისპირება თავიდან აიცილონ.

მოსამართლეებს ასევე აქვთ უფლება გადაწყვიტონ გადაიხადონ თუ არა მხარეებმა გარიგების დასრულების საფასური. მასკის შემთხვევაში ეს საკომისიო $1 მილიარდია.

პარასკევს ბაზრის დახურვის შემდეგ, მასკმა განაცხადა, რომ აპირებს უარი თქვას Twitter-ის აქციაზე $54,20-ის ღირებულებით შეძენაზე, იმ მიზეზით, რომ კომპანიამ არასწორად წარმოადგინა მომხმარებლის მონაცემები. Twitter-ის თავმჯდომარემ ბრეტ ტეილორმა მასკს უპასუხა და პირობა დადო, რომ შეთანხმებას აღასრულებს, რაც მძიმე სასამართლო დავას ნიშნავს.

Twitter-ის აქციების ფასი დღევანდელ ვაჭრობაში 7,8%-მდე დაეცა და აქციაზე $33,93 შეადგინა. მასკის მიერ გარიგების შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, სოციალური მედიის გიგანტი საბაზრო ღირებულებიდან $2,2 მილიარდის დაკარგვისკენ მიემართება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედ ჰამონდი