LIVE

ბორის ჯონსონი გადადგა - ვინ არიან პრემიერობის სავარაუდო კანდიდატები

07 ივლ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1514
ბორის ჯონსონი გადადგა - ვინ არიან პრემიერობის სავარაუდო კანდიდატები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. 

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანელ ხალხს იმ დიდი პრივილეგიისთვის, რომელიც მომეცით. სამწუხაროა, რომ დავტოვე საუკეთესო სამსახური მსოფლიოში, მაგრამ ეს შესვენებაა. მინდა იცოდეთ, რა სევდიანი ვარ, რომ ვთმობ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, აბსურდია მთავრობების შეცვლა, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთულია როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

უკვე ყოფილი პრემიერის განცხადებით, "შეუცვლელი ლიდერი" არავინაა და "ბრწყინვალე დარვინისტური სისტემა სხვა ლიდერს" წარმოშობს.

ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ლიდერის შერჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. მანამდე კი მოვალეობას კვლავ თავად შეასრულებს.

Bloomberg-ი გვაცნობს რამდენიმე კანდიდატს, ვინც შესაძლოა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.

ლიზ ტრასი

Liz TrussPhotographer: Hollie Adams/Bloomberg

46 წლის ლიზ ტრასი თავისუფალი ბაზრის კონსერვატორია. ის საგარეო საქმეთა მდივნის თანამდებობას სექტემბრიდან იკავებს. ტრადი გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით უკრაინაში ომის საპასუხოდ და აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომ ურთიერთობებზე. ის 2016 წელს ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. ლიზ ტრასს ხშირად “რკინის ლედის”, მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ. 

ტრასის პოპულარობა საერთაშორისო სავაჭრო მდივნის თანამდებობაზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ათეულობით ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.

ტრასი სოციალურ მედიას დიდ ყურადღებას აქცევს. ის ახლახან გამოჩნდა აღმოსავლეთ ევროპაში ტანკში, ისევე როგორც ტეტჩერი 1986 წელს გერმანიაში ბრიტანეთის ჯარში ვიზიტის დროს. 

ნადიმ ზავაჰი

Nadhim ZahawiPhotographer: Chris J. Ratcliffe/Bloomberg

ბრიტანეთის ახალი კანცლერი დაიბადა ბაღდადში, ქურთი მშობლების ოჯახში. მისი ოჯახი ერაყიდან სადამ ჰუსეინის რეჟიმს გაექცა.

მილიონერი ზავაჰი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ქიმიურ ინჟინერიას სწავლობდა და შემდეგ დააარსა კომპანია YouGov. ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა მის აღმასრულებელ დირექტორად, ვიდრე 2010 წელს პარლამენტში შევიდოდა. ასევე მუშაობდა ნავთობის მრეწველობაში.

მინისტრობისას მეთვალყურეობდა გაერთიანებული სამეფოს Covid ვაქცინების წარმატებულ კამპანიას. მისმა მუშაობამ მოწონება დაიმსახურა და სექტემბერში განათლების მინისტრად დაინიშნა. ის Brexit-ის მხარდამჭერი იყო.

ჯონსონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ზაჰავის მუდმივი ლოიალობა პრემიერის მიმართ, მას შეუფერებლად აქცევს პრემიერობისთვის. თუმცა, ის პოტენციურ კანდიდატად მაინც განიხილება. ზავაჰს ხაზინის დეპარტამენტში შესვლა აძლევს პლატფორმას, გაზარდოს მხარდამჭერთა ბაზა გადასახადების შემცირებით, რასაც კონსერვატორები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ. თუმცა, ეს რისკიანი ნაბიჯია. დიდი ბრიტანეთი ინფლაციის კრიზისის შუაგულშია, შესაბამისად, სწორედ მას დაადანაშაულებენ, თუ პოლიტიკა არ შეუწყობს ხელს ეკონომიკის აღდგენას.

რიში სუნაკი

Rishi SunakPhotographer: Hollie Adams/Bloomberg

42 წლის სუნაკი აშკარა ფავორიტი იყო პრემიერ-მინისტრის შემცვლელად. სუნაკი საყოველთაოდ ცნობილი გახდა პანდემიის დროს, როდესაც გამოყო ათობით მილიარდი ფუნტი სამთავრობო სახსრები ბიზნესებისა და დასაქმებულების დასახმარებლად, რამაც მისი პოპულარობის ზრდა გამოიწვია. 

მიუხედავად ამისა, სუნაკის პოპულარობა შემცირდა მეუღლის სტატუსზე დაპირისპირებისა და კანცლერობის დროს შეერთებული შტატების მწვანე ბარათის ფლობის ფონზე. ის ასევე დაჯარიმდა პანდემიის დროს უკანონო შეკრებაში მონაწილეობისთვის. მისი რეპუტაცია ასევე დაზარალდა გადასახადების ზრდის გამო, რამაც დიდი ბრიტანეთის საგადასახადო ტვირთი 1950-იანი წლებიდან უმაღლეს დონეზე აიყვანა.

მიუხედავად ყველაფრისა, მას საერთო ფავორიტად განიხილავენ. ჯონსონთან ეკონომიკური უთანხმოების გამო გადადგომამ, მას შესაძლოა ახალი თაყვანისმცემლები შემატოს.

ბენ უოლასი

Ben WallacePhotographer: Chris J. Ratcliffe/Bloomberg

ერთი წლის წინ, 52 წლის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი გამოჩნდა ტორების ლიდერთა კანდიდატთა სიაში. ის ეფექტურად გაუმკლავდა ბრიტანეთის პასუხს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და მანამდე დასავლური კოალიციური ძალების მიერ ავღანეთის დატოვების კრიზისზე.

მას შემდეგ უოლასი კონსერვატიული კაბინეტის გავლენიან პირთა რეიტინგების სათავეში მოექცა. მიმდინარე კვირაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ის სასურველი არჩევანი იყო ტორებს შორის.

არმიის ყოფილი კაპიტანი ბრიტანეთის პარლამენტში 2005 წელს შოტლანდიის პარლამენტში მსახურობის შემდეგ შევიდა. 2008 წელს მან აღიარება მიიღო დეპუტატების ხარჯვის გამჭვირვალობის კუთხით გაწეული მუშაობისთვის.

ბენ უოლასი ბორის ჯონსონის ახლო წრის წარმომადგენლად განიხილება და აცხადებდა, რომ არ იყო პრემიერის პოსტის დაკავებით დაინტერესებული, მაგრამ კონსენსუსის შემთხვევაში, შესაძლოა მოცემულობა შეიცვალოს.

საჯიდ ჯავიდი

Sajid JavidPhotographer: Chris J. Ratcliffe/Bloomberg

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი კიდევ ერთი გამოცდილი მინისტრია, რომელიც ექვს სამთავრობო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და მეოთხე ადგილი დაიკავა 2019 წლის ლიდერთა კონკურსში.  

ჯავიდი მეორე თაობის ემიგრანტია, ავტობუსის მძღოლის შვილი. ის ოთხ ძმასა და მშობლებთან ერთად იზრდებოდა ოროთახიან ბინაში, ბრისტოლში. მუსლიმი ჯავიდი ბავშვობაში რასობრივ ბულინგს განიცდიდა. საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ექსეთერის უნივერსიტეტში. შემდეგ წარმატებული საბანკო კარიერა დაიწყო და ხელმძღვანელობდა Deutsche Bank-ის სავაჭრო ოპერაციებს აზიაში.

ჯავიდი პარლამენტში 2010 წელს შევიდა და 2012 წლისთვის უმცროსი ფინანსთა მინისტრი იყო. 2014 წელს დევიდ კამერონმა დანიშნა კულტურის მდივნად. შემდეგ ბორის ჯონსონმა შინაგან საქმეთა მდივნად და ხაზინის კანცლერად წარადგინა.

ჯავიდის მმართველობა კანცლერის პოსტზე ხანმოკლე იყო, რადგან პრინციპულად დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ჯონსონის მოთხოვნებზე უფროსი თანაშემწეების გათავისუფლებაზე. მას ბიუჯეტი არასოდეს წარუდგენია. ჯავიდს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ პარლამენტში შესვლამდე არ ჰქონდა საგადასახადო სტატუსი. ის კაბინეტში გასულ წელს დაბრუნდა და ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა.

პენი მორდაუნტი

Penny MordauntPhotographer: Luke MacGregor/Bloomberg

თუ ვინმემ ამჟამინდელი კაბინეტის მიღმა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი თანამდებობა, 49 წლის პენი მორდაუნტი ყველაზე სავარაუდო კანდიდატად გამოიყურება. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეპუტატია პარტიაში. მიმდინარე კვირის გამოკითხვაში მორდაუნტი მეორე ადგილს იკავებს.

ამჟამად არის ვაჭრობის მდივანი და აშშ-სთან სავაჭრო გარიგების დადებაზე მუშაობს. პარტიაში მას სოლიდური რეპუტაცია აქვს ქარიზმისა და კარგი ლიდერული თვისებების გამო.

მორდაუნტის პოპულარობა ნაწილობრივ განპირობებულია მისი სახიფათო იუმორით: 2014 წელს გარკვეულწილად უხამსად იხუმრა საზღვაო მომზადების ლექციაზე. ის ასევე გახდა ცნობილი ეროვნული სატელევიზიო გადაცემით, როდესაც ცდილობდა ცნობილი ადამიანებისთვის ესწავლებინა დაივინგის ხელოვნება. ამ პროცესში საქველმოქმედო მიზნით 10,000 ფუნტი ($12,000) შეაგროვა.

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მუშაობდა რუმინეთის ბავშვთა სახლებში. დეპუტატობამდე ის ძირითადად საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელენ მილიგანი და ჯო მოეისი