
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) განცხადებით, ევროპა Covid-19-ის მორიგი ტალღის ცენტრში მოექცა. ამის მიზეზი მასშტაბური ღონისძიებები და მოგზაურობაა.
"სახეზეა დაავადების ბევრად უფრო ინტენსიური ტალღა, რომელიც კვლავ ევროპაზე გადის. ვნახავთ, რომ ეს მოხდება სხვაგანაც - უკვე ვხედავთ მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ასევე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში", - თქვა მაიკლ რაიანმა, WHO-ს ჯანმრთელობის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.
საერთო ჯამში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში Covid-ის შემთხვევების რიცხვი გლობალურად გაიზარდა 30%-ით, რაც ევროპასა და აშშ-ში ომიკრონის ქვევარიანტების BA.4 და BA.5-ის გავრცელებას უკავშირდება. სააგენტომ განაცხადა, რომ ის ასევე აკვირდება BA2.75 სუბვარიანტების ახალ ქვეხაზს, რომელიც ინდოეთში აღმოაჩინეს.
რაიანის განცხადებით, მართალია ზაფხულში ხალხი ღია სივრცეშია და ინფექციის გადაცემა უფრო რთული უნდა იყოს, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობს და ასევე, გაზრდილია ღონისძიებების რიცხვი, სადაც ერთმანეთს განსხვავებული ჯგუფები ხვდებიან.
ვაქცინებით გამომუშავებული იმუნიტეტის წყალობით, ახალი ტალღა ჯერჯერობით არ იწვევს ინტენსიური თერაპიის კურსების საჭიროების ზრდას ან გარდაცვალებას.
გასულ კვირას ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფექციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება და საავადმყოფოებში მიმართვიანობა იზრდება, ხანდაზმულ პაციენტებში ასევე იზრდება ინტენსიური თერაპიის საჭიროება. მიუხედავად ამისა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინა ტალღების მაჩვენებლებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინაციის წყალობით, დაავადება ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ქვეყნებს მოუწოდებს, საჭიროებისამებრ უზრუნველყონ გამაძლიერებელი აცრები, შეინარჩუნონ მეთვალყურეობის ზომები, შეიტანონ ანტივირუსული საშუალებები და გამოიყენონ აპრობირებული და გამოცდილი კონტრზომები გადაცემის შანსების შესამცირებლად.
WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების ნებისმიერი ზრდა საყურადღებოა, დღეს ვირუსთან საბრძოლველად მსოფლიო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ის იყო 2020 წელს, როდესაც დაავადებამ დაიწყო გავრცელება მთელს მსოფლიოში.
„აღარ ვიქნებით ვირუსის ისეთი მძევლები, როგორც გასული ორი წლის განმავლობაში ვიყავით. ჩვენ ვიცნობთ ვირუსს, გვაქვს უკეთესი ინსტრუმენტები მის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ამბობს გებრეიესუსი.
ტედროსმა ასევე ისაუბრა მაიმუნის ყვავილის გავრცელების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, 58 ქვეყანაში დაავადების 6000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამ საკითხზე WHO მომდევნო სამი კვირის განმავლობაში საგანგებო კომიტეტის მოწვევას გეგმავს. შეხვედრაზე გადაწყდება უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად საერთაშორისო მასშტაბით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დირდრე ჰიპველი