LIVE

20 000 IT სპეციალისტი, გაძვირებული ქირა და გაზრდილი ეჭვები - Bloomberg მიგრანტების ეფექტზე

06 ივლ 202216:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 906
20 000 IT სპეციალისტი, გაძვირებული ქირა და გაზრდილი ეჭვები - Bloomberg მიგრანტების ეფექტზე

დმიტრი კლიმენკო თბილისის ცენტრში, ვაკის პარკში ახალი ღამის კლუბის ბოლო შტრიხებს ასრულებს. მისი მიზანია, მიიზიდოს ათიათასობით დაბნეული რუსი თანამემამულე, ბელარუსი და უკრაინელი, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოში გამოიქცნენ.

კლიმენკოს თავის მშობლიურ ქალაქ ნოვოსიბირსკში წლების განმავლობაში 7 ღამის კლუბი აქვს გახსნილი. მან რუსეთი 7 მარტს დატოვა, რადგან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ ადგილზე პოლიტიკური კლიმატი დაამძიმა.

"ეს არის ის, რისი გაკეთებაც ვიცი. როდესაც ჩემ გარშემო ხალხს ვკითხე, მათ მითხრეს, გააკეთე, ჩვენ აქ დაკარგულები ვართ", - თქვა კლიმენკომ.

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, ახლა ქვეყანაში 80 000 რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ცხოვრობს. მათგან 20,000-25,000 მუშაობს IT და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. დაახლოებით რუსეთის 30,000 მოქალაქე ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა. ახლახან ბევრი ჩამოვიდა ბელორუსიდან და უკრაინიდანაც. 

IT სპეციალისტები რუსეთში პროფესიულად მცირე პერსპექტივას ხედავენ, რადგან უსაფრთხოების სამსახურები აძლიერებენ კონტროლს ინტერნეტზე, საერთაშორისო სანქციები აფერხებს ეკონომიკას, უცხოური კომპანიები კი ქვეყანას ტოვებენ. ისინი მიდიან სხვა მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი და ყაზახეთი, ასევე თურქეთში, დუბაიში და ისრაელში. რუსული ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის ინტერნეტ გიგანტი Yandex NV გაძლიერებული ცენზურის, მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დეფიციტისა და საგარეო ბაზრების მკვეთრი რეაქციის ფონზე მუშაობენ.

საქართველოში ჩასული ახალგაზრდა, განათლებული და ფინანსურად მდგრადი ადამიანები მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომელთა ცდუნებას ცდილობენ ისეთი ტექნიკური ცენტრები, როგორებიცაა ბერლინი, ლისაბონი და ლონდონი. მათი საქართველოში ყოფნა ისე, რომ ისინი თავისი ლეპტოპებიდან ემსახურებიან კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოადგენს უზარმაზარ ეკონომიკურ შესაძლებლობას ღარიბი ქვეყნისთვის, რომელსაც ლიბერალური საგადასახადო და ბიზნეს გარემო აქვს.

"მთელი სამყარო ეჯიბრება ერთმანეთს ამ ტიპის კადრების გადასაბირებლად", - ამბობს საქართველოს ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე. მისი აზრით, საქართველო აგრესიულად უნდა პოზიციონირდეს, როგორც რეპრესიულ რეჟიმებს გამოქცეული ადამიანების უსაფრთხო თავშესაფარი, რომელიც მათ ძლიერ ფინანსურ სექტორს, სანაპიროებს, მთებს, თბილ კლიმატს და კარგ საკვებს სთავაზობს.  

"ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ აღმოსავლეთის პორტუგალია", - ამბობს ქადაგიძე. 

და მაინც, ქადაგიძე არ ელის, რომ ეს მოხდება, რამდენადაც მიგრანტების უმეტესობა ქვეყანას ტოვებს, როგორც კი ვიზა გარანტირებული აქვს უკან დასაბრუნებლად. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი ქართველი, ვინც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო დაზარალდა, ახალჩამოსულებს ეჭვის თვალით უყურებს.

ქადაგიძის აზრით, საქართველოს მთავრობას აკლია ნება, რომ შექმნას და პოპულარული გახადოს გარემო, რომელიც კვალიფიციურ კადრებს დარჩენისკენ უბიძგებდა. ზუსტად ისევე, როგორც მან ვერ შეძლო მოეპოვებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საკუთარი ქვეყნისთვის. მთავრობის ამ წარუმატებლობამ საქართველოში ბოლო დროის ერთ-ერთი უდიდესი პროტესტის ტალღა გამოიწვია.

მთავრობამ კრიტიკა დაიმსახურა ევროპარლამენტისგან მედიის თავისუფლების შელახვისთვის, სასამართლო სისტემის რეფორმის უკუსვლისთვის და ადამიანის თავისუფლების ხელყოფისთვის - მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების ხელყოფისთვის, რომელიც ამჟამად ჰოსპიტალიზებულია, ხოლო მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

მთავრობის ოპონენტები მას ასევე ბრალს სდებენ მოსკოვისთვის სიამოვნების მინიჭების მცდელობაში. ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ამ კრიტიკას უსამართლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. უსაფრთხოების სამსახურები რუს მიგრანტებს ზედმიწევნით ამოწმებენ აგენტურის ან სანქციებთან დაკავშირებული საფრთხეების გამოსავლენად, ამბობს დავითაშვილი და დასძენს, რომ მთავრობამ სამუშაო ჯგუფიც შექმნა იმისთვის, რომ კომპანიებს საბანკო ანგარიშების გახსნისთვის საჭირო პროცედურული შემოწმებების დანერგვაში დაეხმაროს. 

დავითაშვილის თქმით, მთავრობა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა მოიზიდოს საერთაშორისო ტექნიკური ფირმები, რომლებიც რუსეთს ტოვებენ.

კლიმენკო ამბობს, რომ მას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა საქართველოში მეწარმედ დარეგისტრირებას.  

"საქართველოსთვის და მისი ციფრული ტრანსფორმაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- ამბობს დავითაშვილი რუსების შემოდინებაზე. მისი თქმით, ქვეყანა უცხოურ ტექნოლოგიურ ფირმებს ბიზნესის მარტივად კეთებას სთავაზობს, ასევე დაბალ საშემოსავლო გადასახადს და სპეციალურ 5%-იან მოგების გადასახადს. 

რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, დავითაშვილი ამბობს, რომ ეს მთავრობისთვისაც დიდი იმედგაცრუება იყო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მოლდოვას და უკრაინას არაერთ კრიტერიუმში უსწრებს. 

რუსეთის ფაქტორით განპირობებული ტექნოლოგიურ ბუმთან დაკავშირებული სირთულეების ნაწილი ნაკლებად არის განპირობებული მთავრობის პოლიტიკით. ბევრი რუსი საქართველოს იმიტომ მიაწყდა, რომ აქ მათ ვიზის გარეშე ჩასვლა შეუძლიათ, თუმცა დასაწყისშივე გეგმავდა გადასვლას, როგორც კი საჭირო დოკუმენტაციას მოამზადებდა. 

20 წლის კოსტია ამელიჩევი ამბობს, რომ მოსკოვი 4 მარტს დატოვა იმის შიშით, რომ მისთვის ომში წასვლა არ მოეთხოვათ და ახლა უნივერსიტეტში სწავლას დისტანციურად ასრულებს. ტრეიდინგის სტარტაპი, რომელიც მან თბილისში ჩამოიტანა, ახლა გადასახადებს იხდის. თუმცა ის მაინც გეგმავს სხვაგან გადასვლას, როგორც კი სწავლას დაასრულებს. 

ვებ დეველოპერმა, 25 წლის ვლადისლავ მიეზიანსკიმ შვედური კომპანიისთვის მუშაობა მოსკოვის ნაცვლად, თბილისიდან გააგრძელა და როგორც ამბობს, არაა დარწმუნებული, რომ სამწლიან პერიოდში აქ დარჩება. ამ დროისთვის, ის კმაყოფილია, რომ გადასახადს საქართველოს მთავრობისთვის იხდის და არა საკუთარი ქვეყნის "გენოციდური" რეჟიმისთვის.

მიეზიანსკიმ თბილისში რუსულენოვან ბარს, Ploho-ს მიაგნო. "აქ ლიცენზიაც კი არ გჭირდება ალკოჰოლის გასაყიდად", - ამბობს ამ ბარის 24 წლის თანადამფუძნებელი, დარია ჟენისხანი ყაზახეთიდან. ოქტომბერში გახსნილი პატარა ბარის კედლები და ჭერი ანტი-პუტინისტური გრაფიტით არის დაფარული.

და მაინც, ზოგიერთმა მიგრანტმა შესაძლოა, კვლავ რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტოს. ერთ-ერთი რუსული ტექნოლოგიური ფირმის აღმასრულებელმა მენეჯერმა თქვა, რომ თანამშრომელთა ნაწილი უკვე ბრუნდება, რამდენადაც ომის შედეგად დამდგარი თავდაპირველი ეფექტები იკლებს. თანაც, საქართველოში მიგრანტებს ყველა გაშლილი ხელებით არ ხვდება.

"ეს ნამდვილად პრობლემაა, რადგან ჩვენ არ ვიცით რა გააკეთეს ამ ადამიანებმა საკუთარ ქვეყანაში", - ამბობს ქართველი IT სპეციალისტი, 30 წლის მიხეილ ამბუკაძე, რომელიც საკუთარ რიგს ელის იუსტიციის სახლში. სხვა არაერთმა რესპონდენტმაც იგივე გაიმეორა.

ბინის ქირა დედაქალაქში მკვეთრად გაზრდილია - მაისში ზრდა 101% იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რასაც მოწმობს TBC Bank-ის კვლევა და ამაში წვლილი რუსებს მიუძღვით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალ საბაზისო ეფექტსაც ჰქონდა საკუთარი როლი. Rentals-ის მმართველი პარტნიორი, ზურაბ ერისთავი ამბობს, რომ მან ომის დაწყებიდან ერთ თვეში 500 მოთხოვნა მიიღო რუსებისგან, თუმცა მხოლოდ ერთს უპასუხა - ქართველს, რომელიც ქვეყანაში ბრუნდებოდა.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისთვის, კობა გვენეტაძისთვის ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმის დასადგენად, თუ როგორი იქნება რუსული მიგრაციის გრძელვადიანი გავლენა საქართველოზე.

მისი თქმით, ჩანს მოკლევადიანი აღმასვლის ნიშნები. ფულადი გზავნილები რუსეთიდან მაისში გაათმაგდა; რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებში განთავსებული თანხები კი $25 მილიონით გაიზარდა, ხოლო ყველა ტიპის დეპოზიტებმა ჯამურად $192 მილიონიანი ზრდა აჩვენა, რაც კობა გვენეტაძის თქმით, სავარაუდოდ იმ ფულის შედეგია, რასაც ჩამოსული მიგრანტები ხარჯავენ.

შედეგად ქართული ვალუტა გამყარდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გაუმჯობესდა. თუმცა, თუკი რუსეთიდან დაბრუნებულმა ეთნიკურად ქართველებმა შესაძლოა დიდი ხნით დარჩენა ამჯობინონ, "დანარჩენი მიგრანტები სავარაუდოდ რაღაც დროის შემდეგ ქვეყანას დატოვებენ,"- მიიჩნევს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. "აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, როდის და ეს ჩვენ არ ვიცით."

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მარკ ჩამპიონი და ჰელენა ბედველი