LIVE

700%-ით გაძვირებული ბუნებრივი აირი ახალი ცივი ომის მამოძრავებელი ძალაა

06 ივლ 202214:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
700%-ით გაძვირებული ბუნებრივი აირი ახალი ცივი ომის მამოძრავებელი ძალაა
ბუნებრივი აირი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი საქონელია. ის გლობალური ინფლაციის მთავარი მამოძრავებელია, რომელიც დღევანდელი სტანდარტების ტურბულენტური ბაზრებისთვისაც კი, ფასების ექსტრემალურ, გასული წლის დასაწყისიდან 700%-იან ზრდას აფიქსირებს და ევროპას რეცესიისკენ მიუძღვება.
 
მოკლედ, ბუნებრივი აირი ახლა კონკურენციას უწევს ნავთობს, როგორც საწვავს, რომელიც გეოპოლიტიკას აყალიბებს.
 
უკრაინაში ომმა გაზის კრიზისი ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა. რუსეთიდან მიწოდების შემცირების ფონზე, ქვეყნები ზამთრისთვის ბუნებრივი აირის მარაგების მოსაპოვებლად იბრძვიან.
 
Nord Stream-ის მთავარი მილსადენი, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას მიეწოდება, 11 ივლისს 10 დღით სამუშაოების გამო დაიხურება. არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვმა შესაძლოა ის ხელახლა აღარც გახსნას. პარალელურად G-7-ის ლიდერები ეძებენ გზებს, რომ რუსეთის შემოსავლები შეამცირონ და თხევადი ბუნებრივი აირის ახალ ინვესტიციებს უჭერენ მხარს. თუმცა, უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომლებსაც ენერგიის სისტემები იაფი გაზის გარშემო აქვთ შექმნილი, ახლა მისი შეძენა უჭირთ.
 
მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაცია მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილში უკან იხევს, გაზით ვაჭრობა საპირისპირო მიმართულებით მიდის. ის სწრაფ გლობალიზაციას განიცდის, მაგრამ შესაძლოა არასაკმარისსაც.
 
ბევრი ქვეყანა ბუნებრივ აირზე უფრო სუფთა ენერგიის გამოყენების მიზნით გადავიდა, რადგან ცდილობენ ნელ-ნელა ხმარებიდან ამოიღონ ჭუჭყიანი წიაღისეული საწვავის გამოყენება, როგორიცაა ქვანახშირი და ზოგიერთ შემთხვევაში ბირთვული ენერგიაც. მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა აშშ, რომელიც სწრაფად გახდა LNG-ის (თხევადი ბუნებრივი აირი) ექსპორტიორთა რიგებში ერთ-ერთი მოწინავე, პროდუქციაზე მზარდ მოთხოვნას აფიქსირებენ. გასულ წელს LNG-ის იმპორტი 44-მა ქვეყანამ განახორციელა, თითქმის ორჯერ მეტმა ვიდრე ათი წლის წინ. მაგრამ საწვავის გადატანა პლანეტის გარშემო ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნავთობის, რადგან ის ჯერ უნდა გათხევადდეს.
 
გაზის ფასი ევროპასა და აზიაში 60%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Freeport-ი, აშშ-ს ერთ-ერთი ექსპორტ ტერმინალი, ხანძრის გამო დროებით დაიხურა. ამ პერიოდს დაემთხვა რუსეთიდან მიწოდების დამატებითი შემცირებაც. კონტრასტისთვის, აშშ-ში საწვავის ფასები თითქმის 40%-ით დაეცა, რადგან ტერმინალის დახურვა ნიშნავს, რომ შიდა გამოყენებისთვის გაზის მეტი რაოდენობა დარჩება.
 
ომმა და პანდემიამ ყველა ტიპის საქონლის ბაზრებზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ცოტა შეედრება გაზის ფასების გლობალურ არასტაბილურობას. აზიაში საწვავი ახლა დაახლოებით სამჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ევროპაში კი ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია.
 
ბაზარზე გაჩენილი ახალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა მიწოდებაში მასიური ინვესტიციების ტალღა. ეს უკვე დაწყებულია, G-7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ სახელმწიფო ინვესტიციებს გაზის პროექტებში.
 
გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს შორისაა:
 
საექსპორტო ობიექტები: LNG-ზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა პროექტებს აჩქარებს ჩრდილოეთ ამერიკაში და მის მიღმაც. გასულ თვეში, Cheniere Energy-მ ტეხასში ტერმინალის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ყატარში Exxon Mobil-ი და Shell-ი იმ ენერგეტიკულ გიგანტებს შორის აირან, რომლებიც LNG-ის ექსპორტის გაზრდის მიზნით $29 მილიარდიან პროექტში იღებენ მონაწილეობას.
 
იმპორტის ტერმინალები: ევროპაში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 20 ტერმინალის გეგმები გამოცხადდა და დაჩქარდა. გერმანიამ, რომელსაც თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები არ აქვს, $3 მილიარდი მოაგროვა ოთხი მცურავი ტერმინალის დასაქირავებლად და ქვეყნის ქსელთან დასაკავშირებლად.
 
ჩინეთი, რომელიც გასულ წელს LNG-ის მთავარი მყიდველი იყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის შუაგულშია, რომელიც ინდუსტრიას ოდესმე უნახავს. BloombergNEF-ის თანახმად, ათი ახალი იმპორტის ტერმინალი 2023 წლიდან ამოქმედდება, ხოლო სიმძლავრე 2025 წლამდე დაახლოებით გაორმაგდება.
 
მილსადენები: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეტი სიმძლავრე ხელმისაწვდომია, რომ ქვეყანამ LNG-ის გადაზიდვები მიიღოს და ის გაზად გადააქციოს, რაც რეგაზიფიკაციის სახელითაა ცნობილი, ევროპას მისი ტრანსპორტირებისთვის ინფრასტრუქტურა აკლია. მაგალითად, ესპანეთს ევროპის უდიდესი რეგაზიფიკაციის ობიექტები აქვს, მაგრამ მას საფრანგეთთან მხოლოდ ორი მილსადენი აკავშირებს, რომელსაც  ამ მოცულობის მხოლოდ მეათედის გადატანა შეუძლია.
 
ტანკერები: გემთმშენებლობა სამხრეთ კორეაში, სადაც მსოფლიოში LNG ტანკერების უმეტესობაა შექმნილი, შეკვეთების ზრდას განიცდის. თუმცა, ეს კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას იწვევს. ისინი იძულებულნი გახდნენ პროფესიონალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებონ, რაც ქვეყანას მიგრანტი მუშებისთვის კვოტების გაზრდას აიძულებს.
 
ყველაფერთან ერთად, ეს ნიშნავს უკუქცევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პოლიტიკისგანაც, განსაკუთრებით ევროპაში. მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კრედიტორები, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ განახლებადი ენერგიის დაფინანსებაზე ახლა აცხადებენ, რომ მზად არიან გაზის პროექტებს დაუჭირონ მხარი.
 
თუმცა, ევროპის ძალისხმევა საკმარისი არ იქნება. Bloomberg Intelligence-ის თანახმად, LNG იმპორტმა 2026 წლისთვის შეიძლება რეგიონის მოთხოვნის 40% დააკმაყოფილოს, რაც გასული წლის მონაცემს ორჯერ გადააჭარბებს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ არის საკმარისი რუსეთის მიწოდების ჩასანაცვლებლად.
 
ზოგიერთი განვითარებადი ეკონომიკისთვის, რომლებსაც უწევთ კონკურენცია გაუწიონ მდიდარ ქვეყნებს LNG ტვირთებზე ტენდერებში, შედეგები უკვე დამღუპველია. 
 
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გერსონ ფრეიტასი